LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პირობას ვდებ ქართველი ხალხის წინაშე, რომ ოქტომბერში ,,ქართულ ოცნებას” გავისტუმრებთ და საუკუნის პროექტს დავიწყებთ, რასაც ანაკლიის ქალაქი ჰქვია” – მამუკა ხაზარაძე

112
fa9fee023da511eab415f23c918adfc0

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მათი დისკრედიტაცია  ვერ მოახერხა და ვერც მომავალში შეძლებს. ხაზარაძე ამბობს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებას ჩამოაშორებს. მისი შეფასებით, ბოლო 8 წელიწადია, საქართველო “დამუხრუჭებული”, საზოგადოება კი პოლარიზებულია და მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები. ხაზარაძის თქმით, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა მიუთითებს ერთსა და იმავე ფაქტს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და არანაირი დანაშაული არ იკვეთება. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ გუშინ, საერთაშორისო ექსპერტის, პოლინ დევიდის დასკვნასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ჩვენ ვძლიერდებით, ვიზრდებით და ეს იმის დასტურია, რომ მათ ეშინიათ და ამ შედეგს ჩვენ მათ ვაჩვენებთ ოქტომბერში, როდესაც “ქართულ ოცნებას” გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას აქვს უზარმაზარი პერსპექტივა და ბოლო 8 წელიწადია, ჩვენი ქვეყანა არის დამუხრუჭებული. საზოგადოება არის პოლარიზებული, მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები. ,,ქართულმა ოცნებამ” იმასაც მიაღწია, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე ხმამაღლა თქვეს ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან ნელა, სამართალი ურმით მოძრაობსო, როგორც ქართული ანდაზა გვეუბნება, მაგრამ სამართალი აუცილებლად იზეიმებს და უკვე იზეიმა. მათ ვერ მოახერხეს ჩვენი დისკრედიტაცია და ვერც მოახერხებდნენ. მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საუკუნის პროექტი – ანაკლიის პროექტი გაჩერებულიყო. და ამის გზად აირჩიეს ჩემი და ბადრი ჯაფარიძის – ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი აქტორების დისკრედიტაცია, რაც მათ არ გამოუვიდათ. მე პირობას ვდებ ქართველი ხალხის წინაშე, რომ ოქტომბერში ჩვენ “ქართულ ოცნებას” გავისტუმრებთ და აუცილებლად დავიწყებთ საუკუნის პროექტს, რასაც ანაკლია და ანაკლიის ქალაქი ჰქვია” – აცხადებს ხაზარაძე.