2015 წელთან შედარებით, 2016 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 0.1 %-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქსტატის ინფორმაციით, დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1565.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.8 პროცენტით ნაკლებია 2016 წლის წინასწარ მონაცემებზე და 2015 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 0.1 პროცენტით აღემატება.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2016 წლის მონაცემებით, 56.2 პროცენტი შეადგინა.
პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 35.6 პროცენტით, მეორეზე – თურქეთი 13.0 პროცენტით, ხოლო მესამეზე – გაერთიანებული სამეფო 7.6 პროცენტით.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 671.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 42.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობა 129.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – საფინანსო სექტორი 129.0 მლნ აშშ დოლარით.