ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათში პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევის 991 შემთხვევა გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 (10)-ე მუხლის შესაბამისად, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, 87 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
“დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.”, – წერს უწყება.
გარდა ამისა, პირბადის ტარების წესის დარღვევის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად, 904 ფიზიკური პირი დააჯარიმეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები”, – ვკითხულობთ განცხადებაში.