LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირბადის ტარების ვალდებულება კვლავ ძალაშია – როდიდან უნდა ველოდოთ შეზღუდვის მოხსნას

702
pirbade-w-h

საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნის შესახებ მსჯელობა გაგრძელდება,- ასე პასუხობს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე ჟურნალისტების კითხვას, როდიდან შეიძლება ველოდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას პირბადის ტარების ნაწილში.

საკოორდინაციო საბჭოში განამრტავენ, რომ როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდება, პირბადის ტარების ვალდებულების საკითხი გადაიხედება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება და როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკეთესობის ტენდენციას აჩვენებს და როგორც კი ეს ტენდენცია მყარი იქნება და მყარი საფუძველი გვექნება, ცხადია, პირბადის ტარების ვალდებულებების გადახედვაც მოხდება,“ – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ პირველი მარტიდან მოიხსნას აღნიშნული ვალდებულება, ღიბრაძემ აღნიშნა, რომ “შეიძლება პირველი მარტი არ იყოს”.

აღნიშნულ საკითხზე მედიასთან ისაუბრა დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმაც. ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო პირბადის ტარების ვალდებულებას მაშინ მოხსნიდა, თუ მოსახლეობის 80%- ზე მეტი იქნებოდა სრულად აცრილი, “ბუსტერი” კი 60%-ს ექნებოდა გაკეთებული.

„2 წელი გახდება, რაც კოვიდთან ერთად ვცხოვრობთ. საკმაოდ რთული 2 წელი გავიარეთ. სხვადასხვა მართვის მექანიზმი გამოსცადა კაცობრიობამ. შოლტი და მათრახი ყოველთვის არ მუშაობს, უკეთესია თვითშეგნება. ჩვენი თვითშეგნება უნდა იყოს, რომ პირბადე ვატაროთ. ერთადერთი დამცველი საშუალებაა პირბადე და აცრა “,- აღნიშნავს გამყრელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები