„პირბადეებით აღჭურვილია ყველა საჯარო სკოლა, სკოლის თანამშრომლების აცრის მაჩვენებელიც იზრდება, რაც შეეხება მოსწავლეების ტესტირებას, ამ საკითხზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული“, – ამის შესახებ განცხადება განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ხუციშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ გააკეთა.
მისივე განმარტებით, ტესტის გაკეთების ვალდებულება მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლებსა და სკოლის თანამშრომლებზე ვრცელდება.
ეკატერინე ხუციშვილი საქართველოს მასშტაბით 7 სკოლისა და 90 ცალკეული კლასის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას, ხოლო 55 ბაგა-ბაღის კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო დაკეტვას, ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე ხდება.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე სკოლის თანამშრომლების 68%-ია აცრილი.
„სულ საქართველოში 7 სკოლა და 90 ცალკეული კლასია დისტანციურ სწავლებაზე გადასული, ხოლო 55 ბაგა-ბაღი კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო დაკეტილია. ასეთია ამ დროისთვის არსებული მონაცემები.
ნებისმიერი გადაწყვეტილება თითოეული კლასის თუ მთლიანად სკოლის დისტანციურ მოდელზე გადაყვანის შესახებ მიიღება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე და შემდგომ უკვე ხდება მათი აღსრულება სკოლის დონეზე. შიდა გავრცელება ჩვენ არ გვქონია არც გასული, და არც წელს სასწავლო წლის განმავლობაში.
პრევენცია ხდება იმისთვის, რომ ნაკლები მასშტაბით გავრცელდეს ვირუსი და მოკლე ვადით შემოვიფარგლოთ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლით.
დადებითობის მაჩვენებლის 4-%-იანი ზღვარის გაუქმებასთან დაკავშირებით, ისევ და ისევ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ედო საფუძვლად სკოლების გახსნას და პირიქით მივესალმებით ჩვენც. რაც შეეხება სავალდებულო ტესტირებას ის გრძელდება მასწავლებლებისთვის, რაც ასევე პრევენციულ ხასიათს ატარებს და ამ ტესტირების პერიოდში ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევა გამოვლინდა, რითიც თავიდან ავიცილეთ სკოლებში მასობრივად ინფექციის გავრცელება.
პირბადეების დარიგებას რაც შეეხება, პირბადეებით აღჭურვილია ყველა საჯარო სკოლა. ყველა საჯარო სკოლას აქვს სამინისტროს მიერ გადაცემული მარაგი, რომელიც საკმარისი იქნება ამ სემესტრის ბოლომდე და რა თქმა უნდა, მომავალი სასწავლო წლისთვის ახალი მარაგის შეტანა მოხდება სკოლებში.
აცრის მაჩვენებელიც ყოველდღიურად იზრდება და ამ წუთას სკოლის თანამშრომლების 68%-ია აცრილი.
მოსწავლეების ტესტირებასთან დაკავშირებით არ ყოფილა ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული. ტესტის გაკეთების ვალდებულება სკოლის თანამშრომლებს და მასწავლებლებს ეხება“, – განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა.