ყველას უნდა გვახსოვდეს, რა არის პუტინის მიზანი, რომ ხელახლა შექმნას დიდი რუსეთის იმპერია, საბჭოთა კავშირი, მათ შორის საქართველოსაც გამოჰკრას ხელი და საქართველოს ამის თაობაზე ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, – ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
„მე ვამაყობ იმით, რომ საქართველოს ესმის, ვინ არის პუტინი, რა არის რუსეთი და რას წარმოადგენენ ისინი თავისუფალი დემოკრატიული სამყაროსათვის, რადგან პუტინი ებრძვის არა მარტო უკრაინას, საქართველოსაც ებრძვის, ევროპასაც ებრძვის და ებრძვის მთელ ცივილიზებულ სამყაროს. ამგვარად ეს სოლიდარობა და უკრაინის ძლიერება, ჩვენი ჯარის ძლიერება, დახმარება, მათ შორის იარაღის მოწოდება, არის სწორედ ის საფუძველი, რომელიც მარწმუნებს, რომ უკრაინას დარჩება გამარჯვება და გამარჯვება დარჩება მთელ ცივილიზებულ სამყაროს“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საქართველომ არ უნდა დაუჯეროს პუტინს და ასევე, არ უნდა ეშინოდეს მისი.
„ჩვენ ჩვენი თვალით ვიხილეთ ასობით მოკლული ქალი, გაუპატიურებული ბავშვი, მამაკაცები, მოხუცები, ხელებშეკრული, რომლებიც დახოცეს. ესენი არა მხოლოდ პუტინმა მოკლა, ესენი მოკლეს ე.წ. რუსმა ადამიანებმა, რომლებმაც გამოილაშქრეს სწორედ პუტინის დაძახებაზე. ასეთია რეალობა, ასეთია რეალური სურათი. ამის მნახველი კაცი უბრალოდ მშვიდად ვეღარ დაიძინებს. მათი იარაღი არის ჟლეტა, გაუპატიურება და უდანაშაულო ადამიანების ხოცვა. ამიტომ მე ყოველთვის ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიძლევი რჩევა-დარიგებას, როგორ უნდა მოვეპყროთ ყველაფერ ამას, აი რეკომენდაციები: პირველი, არ დაუჯეროთ პუტინს, პუტინი იტყვის, სიტყვას მოგცემთ, რომ ყველაფერი რიგზე იქნება, ორი დღის შემდეგ ომი არ იქნება. 24 თებერვალს შემოიჭრა, არაერთხელ თქვა, აღგვითქვა, რომ გაიყვანს რუსეთის ჯარს და რა არის ამოცანა რუსეთის ჯარისა? როგორც თვითონ ამბობდა ეს არის დემილიტარიზაცია, დენაციონალიზაცია, მაგრამ ახლა კი რა არის მისი ამოცანა? მთელი უკრაინა ჩაიგდოს ხელთ. პუტინს რა უნდა? რომ ამოგვხოცოს. ჩვენ არ ვაძლევთ და არ მივცემთ ამის უფლებას. მას სურს, რომ წაშალოს უკრაინა მსოფლიოს რუკიდან და ამის ნაცვლად ააღორძინოს საბჭოთა კავშირი. ჩვენ ვამაყობთ იმით, ყველაფრით, რაც ახლა ხდება უკრაინაში, ჩვენ ვიბრძვით. მეორე, ნუ გეშინიათ პუტინის, არ დაუჯეროთ და ნუ გეშინიათ, არ მიიღოთ მისი შანტაჟის ენა. იცით რა? იგი ამბობდა, რომ სამ დღეში აიღებდა უკრაინას, მაგრამ ჩვენ არ მივეცით მას ამის საშუალება პუტინს და არც არავის მივცემთ“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.