თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ოპოზიცია უკომპრომისო ბრძოლისთვის ემზადება. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა მასშტაბური აქცია დააანონსეს. მათი მტკიცებით, ეს იქნება ყველა დემონსტრაციისგან განსხვავებული შეკრება. არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მომხრეები ხვალ ბათუმშიც გააპროტესტებენ.
“მეტი გზა არ გვაქვს დარჩენილი – უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე იმ ხმების დასაცავად, რომელიც მიიღო ოპოზიციამ ამ არჩევნებზე, ასეულობოთ ათასობით ხმა, რომელიც პირდაპირ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა, ეს ხმები არის დასაცავი; დასაცავია არამხოლოდ საარჩევნო უბნებთან, მათ შორის, ქუჩაშიც, აქციებით. უკვე გავალთ ჩვენს რეგიონებში მოსახლეობასთან შესახვედრად,”- აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი.
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე კი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ყველა ლეგიტიმური გზა უნდა იქნეს გამოყენებული.
“ძალიან ბევრი ადამიანი არის შეურაცხყოფილი, უნდა ცვლილებები და რა თქმა უნდა, არ უნდა ხალხს მუდმივად “ქართული ოცნების” ყურება. ყველა ლეგიტიმური მეთოდით ჩვენ ამ ქვეყანაში უნდა მივაღწიოთ სამართლიან, წესიერ არჩევნებს. ყველა ბრძოლაში, რაც არის კანონიერი, კონსტიტუციური, ჩავერთვებით, რათა “ქართული ოცნება” გავუშვათ ხელისუფლებიდან,”- აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
“ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით კი, სიტუაცია, სადაც ბათილი ბიულეტენების რიცხვი ჭარბობს კანდიდატებს შორის განსხვავებას, ნათლად მიუთითებს გაყალბებაზე.
“სადაც ბათილი ბიულეტენების რიცხვი ჭარბობს განსხვავებას კანდიდატებს შორის, იქ არის ჩადენილი სიყალბე. ამიტომ, არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ხმები მიიტაცონ. ყველა სამართლებრივი გზა, რომელიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით, სრულად იქნება გამოყენებული,”- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.