პენტაგონი ადასტურებს, რომ რუსი ოკუპანტების ნაწილმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დატოვა.
როგორც CNN წერს, ტერიტორიიდან რუსეთის ძალების ნაწილის გაყვანის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებას აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა დაუდასტურა.
მედიასაშუალება წერს, რომ ჩერნობილის ტერიტორიიდან ჯარისკაცების გაყვანა მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარების ნაწილი უკრაინის დედაქალაქის მახლობლად განლაგდა.
შეგახსენებთ, რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური 24 თებერვალს აიღეს და პერსონალი მძევლად აიყვანეს.
ჩერნობილის ზონაში რადიაციის გაზრდილი დონე დაფიქსირდა: უკრაინის ბირთვული რეგულირების ინსპექცია
სამი დღის წინ უკრაინულმა მხარემ ჩერნობილში გაეროს სპეციალური მისიის გაგზავნა მოითხოვა და განაცხადა, რომ ოკუპანტებს სადგურიდან რამდენიმე მეტრში დიდი რაოდენობით რეაქტიული ჭურვები შეჰქონდათ.
ერთი კვირის წინ კი უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსებმა გაძარცვეს და გაანადგურეს მიტოვებულ ატომურ სადგურთან ახლოს მდებარე ლაბორატორია, რომელსაც რადიოაქტიური ნარჩენების მონიტორინგისთვის იყენებდნენ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში