LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენსიის 20 ლარით ზრდა – პოპულისტური დაპირება თუ პრობლემის დროებითი გადაჭრა

2019 წლიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება. ინიციატივა პრემიერმინისტრს, მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. პარლამენტში სამთავრობო გეგმის პრეზენტაციის დროს ბახტაძემ თქვა, რომ პენსიების გასაზრდელად ბიუჯეტიდან 400 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს, თუმცა როგორ და რის ხარჯზე აპირებს მთავრობა დანაპირების შესრულებას, არ დაუკონკრეტებია.

საპარლამენტო ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ პენსიის გაზრდა წელსაც შეიძლება, თან არა 20, არამედ 50 ლარით და ამის საკმარისი რესურსიც არსებობს. მათი განცხადებით, საჭიროა შემცირდეს სამთავრობო ხარჯები და აღარ დაფინანსდეს ბევრი უსარგებლო პროგრამა.

მამუკა ბახტაძის განცხადებას პოპულისტურს უწოდებენ ეკონომისტები, თუმცა ადასტურებენ, რომ პენსიების ზრდა, სწორი ეკონომიკური გათვლების შემთხვევაში, შესაძლებელია.

ანალიტიკოსების აზრით, ლარის ინფლაციის ფონზე, პენსიის მხოლოდ 20 ლარით გაზრდა მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი ვერ იქნება, რადგან საკვებთან ერთად, გაძვირდა წამლებიც, რაშიც პენსიონერები თანხის ნახევარზე მეტს ხარჯავენ.

„წლევანდელი და შარშანდელი წლების მიხედვით, პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების საშუალო დონე გაზრდილია მაქსიმუმ 10%-ით. ბოლო დღეებში რა გაძვირდა, რამდენი თეთრით და ასე შემდეგ, ეს არ შეიძლება იმის განმსაზღვრელი იყოს, ინფლაცია რამდენი ლარით უნდა გაიზარდოს. პენსია მაინც უფრო გაჭირვებული მოსახლეობისთვის არის, რომელიც დიდ ნაწილს ხარჯავს სურსათზე და არა პირობითად, მოგზაურობაზე,“ – განუცხადა „ფორტუნას“ გიორგი პაპავამ.

სპეციალისტები მთავრობას კიდევ ერთ რჩევას აძლევენ – პენსია არ უნდა გაიზარდოს საზოგადოების სხვა ფენების გაღარიბებისა და შემოსავლის შემცირების ხარჯზე.

ეკონომისტი, ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ პენსიის გაზრდა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი და სწორი, თუ ეს ბალანსდება სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რაც გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკა სწრაფად უნდა იზრდებოდეს.

„როცა ეკონომიკა სწრაფად არ იზრდება და მხოლოდ პენსიების გაზრდაზე ვსაუბრობთ, ერთის მხრივ, ეს ძალიან პოპულისტური ნაბიჯია, მეორეს მხრივ, კი – უპასუხისმგებლობაა იმიტომ, რომ მთავრობას უნდა, სოციალური ვალდებულებები რაც შეიძლება ნაკლები ჰქონდეს, თან ისე, რომ უკეთ ცხოვრობდეს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე. ეს შეუძლებელი იქნება, თუ დაბალანსებული არ გვექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის დაძლევა,“ – აცხადებს ხორგუაშვილი.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ 2016 წელს საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა, 2017 წელს მართალია, ეს რიცხვი არ გაზრდილა, მაგრამ არც ძალიან შემცირებულა. შესაბამისად, ეკონომისტების თქმით, შემოსავლების მიხედვით, პენსიონერთა დიფერენციაცია უნდა მოხდეს და ამის შემდეგ დაიგეგმოს, კონკრეტულ პენსიონერს პენსია რა ოდენობით უნდა გაეზარდოს.

რაც შეეხება ეკონომისტების განმარტებას, რომლის მიხედვით დღევანდელი ბიუჯეტის გათვალისწინებით, შესაძლებელია პენსია არა 20, არამედ 50 ლარით გაიზარდოს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 430 მილიონი ლარის გამოყოფას საჭიროებს. მათი თქმით, ეს ტექნიკურად სრულიად შესაძლებელია და თან მოცემულ მომენტში, სიღარიბის კოეფიციენტის გათვალისწინებით, ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან საჭიროა, მაგრამ ამასთან ერთად, საჭიროა ხარჯების შემცირებაც, ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და სიღარიბის აღმოფხვრაც.

ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოში ძალიან ბევრი უსარგებლო პროგრამაა, რომელთა ნახევარზე მეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ხორგუაშვილი პრემიერმინისტრის ინიციატივას 14 სამინისტროდან 11-მდე შემცირების შესახებ მიესალმება, თუმცა იმასაც ამბობს, რომ სიღარიბის დასაძლევად, სამინისტროების შემცირებით დაზოგილი თანხა საკმარისი არ იქნება.

„აგროდაზღვევა, „დანერგე მომავალი“, „ქართული ჩაი“ და ასეთი ძალიან ბევრი პროგრამა, რომელიც მთლიანობაში საკმაოდ სოლიდურ თანხას იძლევა, მხოლოდ და მხოლოდ რესურსების ფლანგვაა და მეტი არაფერი. შედეგი ამ ყველაფერში ნაკლებად აისახება. მაგალითად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი წელს 3-ჯერ არის გაზრდილი. უწყებაში 1.8 მილიარდი ლარი იხარჯება და სულ პრობლემაა ფულის ათვისების, მუდმივად პრობლემაა ისიც, რომ წლის ბოლოს ხდება თანხის წინასწარ გადარიცხვა, პრობლემაა კორუფციის და ნეპოტიზმის. ამ მხრივაც შესაძლებელია ძალიან ბევრი ფულის დაზოგვა,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ზვიად ხორგუაშვილი.

ეკონომისტები თანხმდებიან, რომ მნიშვნელოვანია სწრაფი ეკონომიკური ზრდა და თუკი ამ ზრდას სახელმწიფო შემცირებული სამინისტროების ხარჯზე მოახერხებს, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

რაც შეეხება თავად პენსიონერებს, მათი რიცხვი ბოლო მონაცემებით, სულ 733 611-ია, აქედან 39 520 დევნილი ან იძულებით გადაადგილებული პირია.

თათია კაკიაშვილი