პენიტენციურ დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს, წითელას საწინააღმდეგო აცრა გაუკეთდებათ. გადაწყვეტილება „წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის N6 განკარგულების თანახმად იქნა მიღებული.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში დაგეგმილი წითელას საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
მათივე ინფორმაციით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ის 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებს მოიცავს. თუმცა, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს, ასევე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს, მათ შორის სხვა ასაკობრივ ჯგუფებსაც, ინფორმაცია მიეწოდებათ დაავადების გავრცელების რისკებისა და ვაქცინაციის აუცილებლობაზე და ყველა პირს, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს, წითელას საწინააღმდეგო აცრა გაუკეთდება.
„ვაქცინაცია შეეხება იმ ადამიანებსაც, ვისაც არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ჩატარებულ გეგმურ ვაქცინაციასა, ან მცირეწლოვან ასაკში წითელას შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით. მართალია, თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხოა, მაგრამ არც ერთ მათგანზე არ შეიძლება აბსოლუტურად გამოირიცხოს გვერდითი რეაქციების, ან იმუნიზაციის შემდგომი გართულებების განვითარების რისკი. იმუნიზაციის მართვის წესების შესაბამისად, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხელმისაწვდომია ანტიშოკური საშუალებები და ბენეფიციარების პირველადი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა. შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები სათანადო სამედიცინო სერვისებით იქნებიან უზრუნველყოფილნი, როგორც პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო ნაწილში, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების გზით. პენიტენციურ დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.