„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურისა და არაფორმალური მმართველობის უკანონო პრაქტიკა კვლავ პრობლემაა.
ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, დაგვიანებული და არასათანადო სამედიცინო მომსახურება, წლებია, პატიმრების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გაჟღერებული საკითხია.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განაცხადებით, კვლავ პრობლემურია მაღალი თანამდებობის პირთა მიერ სახალხო დამცველის საქმიანობის დისკრედიტაცია და საქმიანობის ხელშეშლის მცდელობა, რაც დისკრედიტაციული შინაარსის განცხადებებში გამოიხატა.
მათივე ცნობით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებულმა ზომებმა ყველაზე დიდი გავლენა პატიმართა უფლებების რეალიზებაზე მოახდინა.
„უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი ზომების მიღებით, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, ასევე – განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ეს შეზღუდვები მათი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო,“ – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ აცხადებენ, გასული წლის მსგავსად, 2021 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში კვლავ პრობლემაა კრიმინალური სუბკულტურისა და არაფორმალური მმართველობის უკანონო პრაქტიკა, რაც პატიმართა მოწყვლადობასა და მათი უფლების დარღვევის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის, განსაკუთრებით – პანდემიის პირობებში, როცა საზოგადოებრივი კონტროლი პენიტენციურ დაწესებულებებზე მნიშვნელოვნად შესუსტებულია, ობიექტური ფაქტორების გამო.
ორგანიზაციის შეფასებით, ამ მანკიერი პრაქტიკის მძიმე შედეგებზე მიუთითებს პატიმართა გარკვეული ჯგუფის მხრიდან სახალხო დამცველის წარმომადგენელთა შეურაცხყოფა და მისი საქმიანობისთვის ხელშეშლის მცდელობის ფაქტებიც.
„დაგვიანებული და არასათანადო სამედიცინო მომსახურება, წლებია, პატიმრების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გაჟღერებული საკითხია. მეტიც, პატიმრებს არაერთხელ გამოუთქვამთ ვარაუდი, რომ სწორედ უხარისხო ან/და გაჭიანურებული სამედიცინო დახმარება აღმოჩნდა სიკვდილის მიზეზი, თუმცა, ამას ადეკვატური შეფასება სახელმწიფო უწყებების მხრიდან არ მოჰყოლია“ – აღნიშნულია ანგარიშში.
ორგანიზაციის შეფასებით, არასათანადო სამედიცინო მომსახურებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა ორჯერ – 2021 წლის 24 ოქტომბერს და 4 ნოემბერს შეამოწმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი და დაასკვნა, რომ მე-18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სამწუხაროდ, არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
„9 ნოემბერს აღნიშნული საჯაროდ დაადასტურა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემაც, რომელმაც აღნიშნა – „რა თქმა უნდა, [N18 სამკურნალო დაწესებულება] არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და ბუნებრივია, შესაძლოა, დამატებით დახმარება დასჭირდეთ“.
2021 წლის 11 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო დაწესებულებაში ძალმომრეობით შეყვანის კადრების ნაწილი, რაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა.
სახალხო დამცველის შეფასებით, იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა N18 სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებით პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია“, – ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშში.
ორგანიზაციის ცნობით, 2021 წლის 17 დეკემბერს 35 წლის პატიმარი, რომელიც 40 დღე გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობდა, გარდაიცვალა. მათივე ანგარიშში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მალევე იმდენად კრიტიკული გახდა, რომ მისი მკურნალობა გლდანის მე-18 პენიტენციურმა დაწესებულებამ ვეღარ შეძლო. ამიტომ ის ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„სამოქალაქო კლინიკაში 15 დეკემბერს მოთავსებული პატიმარი ზუსტად ორ დღეში გარდაიცვალა. 2021 წლის 15 ოქტომბერს კი, რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი პატიმარი გარდაიცვალა.
ამ ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველის აპარატი, რომლის თანახმად, მიღებულმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სავარაუდოდ არ არსებობს სახანძრო-უსაფრთხოების წესები და კრიტიკულ შემთხვევებზე რეაგირების მკაფიო ინსტრუქციები.
გამოჩნდა, რომ ცეცხლის კერის გაჩენის შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებებში იქმნება ხანძრის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებისა და პატიმართა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების მაღალი რისკი. არ ხდება სახანძრო-უსაფრთხოების ხარისხის გეგმური თუ არაგეგმური მონიტორინგი. სხვადასხვა შენობების (მაგ.,სამზარეულო, საცავები) სამშენებლო მასალების შერჩევისას, სავარაუდოდ, არ ხდება ცეცხლგამძლეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინება.
კვლავ პრობლემურია მაღალი თანამდებობის პირთა მიერ სახალხო დამცველის საქმიანობის დისკრედიტაცია და საქმიანობის ხელშეშლის მცდელობა, რაც დისკრედიტაციული შინაარსის განცხადებებში გამოიხატა. ასევე, გაკეთდა სახალხო დამცველისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფის „შესაძლო პასუხისმგებლობის“ (მუქარის შემცველი).
სახალხო დამცველის განცხადებით, ასეთი რიტორიკა სცილდება სამართლებრივ ჩარჩოს, წარმოადგენს დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოზე და მის ექსპერტებზე თავდასხმისა და დაშინების მცდელობას და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს“, – ნათქვამია ანგარიშში.