LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენცენტრის პეტიცია დიპლომატებს – „გთხოვთ, პირადად შეამოწმოთ მოშიმშილეთა პირობები“

53
პენცენტრი 2

საქართველოს პენცენტრი ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებს, კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს, ასევე სრულიად დიპლომატიურ კორპუსს პეტიციით მიმართავს და სთხოვს აქტიურად ჩაერთონ ქვეყანაში შექმნილი კრიზისის მოგვარებაში.

პეტიციის ტექსტის თანახმად, ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისი და ეკონომიკური დაღმასვლა სამოქალაქო დაპირისპირების რისკს ქმნის.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა და პირადად შეამოწმოთ მოშიმშილეთა პირობები, რათა თავი დავიზღვიოთ იმ დამანგრეველი სცენარისგან, რომელიც ემუქრება ქვეყანას რომელიმე მათგანის სიცოცხლისთვის ზიანის შექმნის შემთხვევაში.

ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკური პრეფერენციები გვაქვს, მაგრამ ამ საკითხში ერთიანნი ვართ: სამოქალაქო დაპირისპირებას საქართველო ვეღარ გაუძლებს, ყველაფერი კი სწორედ აქეთკენ მიდის. გთხოვთ, შეიტანოთ თქვენი წვლილი ამ სცენარის არიდებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

პენცენტრის პეტიციაში ყურადღება ასევე გამახვილებულია მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასა და მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით მოშიმშილე მოქალაქეებზე.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, არის დაპატიმრებული და შიმშილობს, პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია ყოფილი პრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს, პარლამენტის ათი წევრი მოშიმშილეებისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს, მომღერალი პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს, ათობით აქტივისტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შიმშილობს, საზოგადოება პოლარიზებულია და ნებისმიერ დროს მოსალოდნელია ვითარება მოულოდნელი და ქვეყნისთვის დამაზიანებელი სცენარით განვითარდეს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პენცენტრი 70-ზე მეტ ქართველ მწერალს აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები