დავით ნარმანიამ 26 მაისის მოედანზე სამუშაო შტაბში გამართულ შეხვედრაზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ერთი თვის ანგარიში შეაჯამა. შეხვედრაზე თბილისის მერმა შესაბამისი კომპანიებისა და სამსახურების წარმომადგენლებს კონკრეტული დავალებები მისცა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ისაუბრა.
რეაბილიტაციის პირველი თვის განმავლობაში სამუშაოები დამკვეთთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით და ვადების ზუსტი დაცვით ჩატარდა.
„შევაჯამეთ პირველი ერთი თვე, რომლის ფარგლებშიც სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად შესრულდა. პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს კომუნიკაციებთან დაკავშირებული ყველა ძირითადი სამუშაო შესრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ასფალტის პირველი ფენის დასაგებად, რომლის შემდეგაც გადავდივართ მარცხენა მხარეს. მნიშვნელოვანია, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა, რომელიც ძალიან იყო დაზიანებული და სამი-ოთხი ათეული წლის განმავლობაში არ იყო გამოცვლილი, სრულად აღდგენილია. ეს კი ერთგვარი გარანტიაა იმის, რომ გზის საფარი დიდი ხნის განმავლობაში იქნება მყარად. მოსახლეობა გაგებით ეკიდება 24 საათის განმავლობაში მიმდინარე სამუშაოებს, რისთვისაც მათ და მძღოლებს, რომლებიც ერიდებიან ამ მიმართულებით გადაადგილებას, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
სამუშაოების დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში, პეკინის ქუჩის სხვადასხვა სარეაბილიტაციო უბანზე მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა GWP-ს მაგისტრალურ მილსადენებს. ამ დროისთვის პეკინის ქუჩაზე შეცვლილი და აშენებულია 35 ცალი ახალი წყალმიმღები ჭა და შესაბამისი დაერთებები ცენტრალურ კოლექტორთან. ცენტრალურ კოლექტორზე შეიცვალა 5 სათვალთვალო ჭა. ამასთან, სარეაბილიტაციო ტერიტორიის 90%-ზე დასრულებულია ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი.
პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო. მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემის რეაბილიტაციას საკუთარი ხარჯებით თავად კომუნიკაციების მფლობელი კომპანიები უზრუნველყოფენ. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, რათა ქუჩის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდეს. რეაბილიტაციის პროცესის ოპერატიული მართვა 26 მაისის მოედანზე მოწყობილი შტაბიდან ხორციელდება.