„ვიმედოვნებთ წარმატებულ შედეგს წლის ბოლოს, დადებითი შედეგი ნიშნავს საქართველოს მორიგ ნაბიჯს ევროკავშირში წევრობისკენ, რაც კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში შეხვედრებისას სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან ევროკავშირის 12 პრიორიტეტის განხორციელების საკითხი განიხილეს.
„ნება მომეცით, ყველა ქართველსა და ქართულ ოჯახს ყოველივე საუკეთესო ვუსურვო – ძალიან წარმატებული, ბედნიერი ახალი წელი არა მხოლოდ საქართველოსა და ქართული ოჯახებისთვის, არამედ ქვეყნისთვის, მის ევროკავშირის წევრობის გზაზე. ვიმედოვნებ, 2023 ძალიან კარგი, წარმატებული წელი იქნება არა მხოლოდ ყველა ქართველისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც.
დღეს მე ძალიან დატვირთული დღე მქონდა საქართველოს პარლამენტში. შევხვდი რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს. აღსანიშნავია, რომ ყველა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შესაძლებლობა მექნება. შეხვედრები ევროინტეგრაციის კომიტეტით დავიწყე. შევხვდი საგარეო ურთიერთობათა, ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეებს. ჩვენ განვიხილეთ ე.წ. 12 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებული მიმდინარე სამუშაოები და უფრო ზოგადად, საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან, პრინციპებთან დაახლოება განვიხილეთ, რადგან ამ წლის დასასრულს, ჯერ ევროპული კომისია და შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეაფასებენ საქართველოს პროგრესს და გადაწყვეტენ შემდგომ ნაბიჯებს საქართველოს ევროკავშირის წევრობის მისწრაფებასთან დაკავშირებით. როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ამ პროცესში დავეხმაროთ. ვიმედოვნებთ წარმატებულ შედეგს წლის ბოლოს, დადებითი შედეგი ნიშნავს საქართველოს მორიგ ნაბიჯს ევროკავშირში წევრობისკენ, რაც კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა. ჩვენ არა მხოლოდ ვიმედოვნებთ, არამედ მზად ვართ დავეხმაროთ როგორც საქართველოს მთავრობას, ისე ყველა სამუშაო პროცესს, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.