ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, საერთოდ ნებისმიერ მოზარდს მინდა, მივულოცო ქრისტეშობის დიდებული ზეიმი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.
ეპისტოლის თანახმად, შობის დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე, ჰმეტობს თითოეული ჩვენგანის ტკივილს და იმედით გვავსებს.
“ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, საერთოდ ნებისმიერ მოზარდს მინდა, მივულოცო ქრისტეშობის დიდებული ზეიმი; მივულოცო იგი ყველა ტვირთმძიმესა და მაშვრალს, რადგან ეს დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე, ჰმეტობს თითოეული ჩვენგანის ტკივილს და იმედით გვავსებს.
ჩემო სულიერო შვილებო, საქართველოს მკვიდრნო და უცხოეთში მყოფნო თანამემამულენო, სულიერად წარვემართოთ ბეთლემისაკენ, რათა მწყემსებთან ერთად ვადიდით ყრმა იესო, მოგვებთან ერთად შევწიროთ ძღვენი,- ოქრო, გუნდრუკი და მური და ანგელოზებთან ერთად ვუგალობოთ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“
ღმერთმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დალოცოს საქართველო!
ინებოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ჩვენზეც აღსრულდეს წმინდა დავით მეფის სიტყვები:
„ნეტარ არს ხალხი, ვისთვისაც ღმერთი არის უფალი, ხალხი, – მისდა სამკვიდროდ გამორჩეული“ (ფსალ. 32.12)“, – ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.