LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქი ფიქრობს, რომ გიორგი მამალაძე დამნაშავეა – მას დეკანოზის სტატუსი უნდა ჩამოერთვას – მეუფე იაკობი

79

პატრიარქი ფიქრობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტები მეუფისგან დაინტერესდნენ, თუ როდის შეიკრიბება წმინდა სინოდი და მოხდება თუ არა სინოდის მომავალ სხდომაზე დეკანოზ მამალაძის საკითხის განხილვა.

მეუფე იაკობის თქმით, სინოდის სხდომა შემოდგომაზე გაიმართება და ერთ-ერთი განსახილველი საკითხი დეკანოზ გიორგი მამალაძის თემა იქნება. მისივე თქმით, დეკანოზ მამალაძეს დეკანოზის სტატუსი უნდა ჩამოერთვას.

„ჩვენ შემოდგომაზე შევიკრიბებით. ერთ-ერთი საკითხი იქნება გიორგი მამალაძის თემა. ეკლესიას მისი უდანაშაულობის რომ გვჯეროდეს, ჩვენ აქამდე გამოვიყვანდით მას. მოგახსენებთ იმასაც, რომ პატრიარქი ფიქრობს, რომ გიორგი მამალაძე დამნაშავეა,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მსჯავრდებული დეკანოზის მონახულებას ციხეში, მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ არ აპირებს.

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ მეუფე იაკობის მისამართით გამოთქმული ბრალდებებით და შეფასება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მამალაძის წინააღმდეგ ბრალი სწორედ მეუფე იაკობისა და შორენა თეთრუაშვილის ინტერესების გატარებას უკავშირდება.

„ადამიანი როდესაც მატყუარაა, ყოველთვის მატყუარად დარჩება. ამაზე ყოველთვის ჭორიკნები საუბრობდნენ. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ თუ არ მოისვენებენ, ვინც მას იცავს, ისინიც გაეხვევიან შარში,“ – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა ამ განცხადებაში და აღნიშნა, რომ ეს მისი პირადი პოზიცია და განცხადებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები