საქართველოს საპატრიარქო ყველანაირად შეუწყობს ხელს, რომ თურქეთის ციხეში მოშიმშილე ქართველი პატიმრები სასულიერო პირმა მოინახულოს, თუ კი ამის პრაქტიკული და იურიდიული შესაძლებლობა იქნება. დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, თურქულ ციხეში ქართველი პატიმრების შიმშილობის ფაქტის შესახებ ინტერნეტით შეიტყო, თუმცა მისთვის უცნობი იყო, თუ ისინი ქართველ სასულიერო პირთან შეხვედრას ითხოვდნენ.
„ინტერნეტით შევიტყვე, რომ ქართველი პატიმრები შიმშილობდნენ. სასულიერო პირთან შეხვედრას თუ ითხოვდნენ, ეს არ ვიცოდი. არ ვიცი, რაზე არიან დაკავებულები, ესეც საინტერესოა“, – განაცხადა მამა მიქაელმა.
დეკანოზის თქმით, როგორც მისთვის არის ცნობილი, საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრომ თურქეთის შესაბამის სტრუქტურასთან გარკვეული ურთიერთობები ამ კუთხით დაამყარა. დეტალები კი მამა მიქაელისთვის უცნობია.
„პატიმრების მონახულების პრობლემა არ იქნება, თუ ამის პრაქტიკული და იურიდიული შესაძლებლობა იქნება. თუ თურქული მხარე და საქართველოს ხელისუფლება შეთანხმდება, რომ შესაძლებელი იქნება სასულიერო პირის მივლინება, ჩვენ რა თქმა უნდა ყველანაირად ხელს შევუწყობთ ქართველებს, რომ ისინი სასულიერო პირმა მოინახულოს,“ – განაცხადა მამა მიქაელმა.