LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა ევროპა ინგლისმა წაიღო: საქართველო ღირსეული მასპინძელია

45

19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი ინგლისის გამარჯვებით დასრულდა. ფინალური შეხვედრა, გორის სტადიონზე ინგლისისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის შედგა. მატჩი ინგლისის 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებმა პორტუგალიასთან 2:1 მოიგო და ამ ასაკობრვ ჯგუფში ჩემპიონობა პირველად მოიპოვა. შეხვედრა გორში ანშლაგით ჩატარდა და მატჩს 4 100 გულშემატკივარი დაესწრო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც უეფას ვიცე-გენერალური მდივანი კლაუდიო მარკეტი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ევროპის ჩემპიონატის ელჩი ზურაბ ხიზანიშვილი მონაწილეობდნენ.

საქართველო ევროპის 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ჩემპიონატს 2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით მასპინძლობდა. საუკეთესოს ტიტულისთვის, მასპინძელი საქართველოს ნაკრების გარდა, ინგლისის,პორტუგალიის,ჩეხეთის,გერმანიის,ჰოლანდიის,ბულგარეთისა და შვედეთის გუნდები მონაწილეობდნენ.

საქართველოში გამართულ ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე, დასწრების რეკორდი საქართველო – ჩეხეთის მატჩზე დაფიქსირდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვედრას 25 000 გულშემატკივარი დაესწრო.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე შვედეთთან მოგებული მატჩით, ქულების რაოდენობითა და ბურთების შეფარდებით რვა მონაწილეს ნაკრებს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა.

 

გორში გამართული ფინალის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენელებთან განვლილი ჩემპიონატი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა შეაჯამა:

„პირველ რიგში მინდა გამარჯვებულს მივულოცო, ასევე ტურნირის ყველა მონაწილეს. მართლაც ღირსეული გამარჯვებული ჰყავს ტურნირს. ამასთანავე ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, იმიტომ, რომ ჩემი აზრით ეს იყო ძალიან წარმატებული ჩემპიონატი. ეს უეფამ და გუნდების წარმომადგენლებმაც აღნიშნეს. აქვე მინდა გულშემატკივრებსა და მედიის წარმომადგენლებს დიდი მადლობა გადავუხადო.

გრძელვადიანი ტურნირის დროს მრავალ სირთულესთან გვაქვს საქმე, მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ღირსეულად გავართვით თავი და შეგვიძლია, ვიამაყოთ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც ბევრი იშრომა და ეს სანახაობა აჩუქა გულშემატკივარს.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი თამაში ჩატარდეს რეგიონებში. გორმა კი, პირველი თამაშიდან გამომდინარე დაიმსახურა, რომ ფინალური შეხვედრა აქ ჩატარებულიყო. ამ იდეამ ნამდვილად გაამართლა და მსურს ადგილობრივ ხელისუფლებასა და გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო”

 

პორტუგალია U19 1:2 ინგლისი U19

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

პორტუგალია U19: დიოგო კოშტა, დალოტი, დ. კეიროში, აბდუ კონტე (78’ კეტა), პირეში, ჟოაო ფილიპე (56’ ლეაო), ჟედსონ ფერნანდეში, მესაკე (75’ მიგელ ლუიში), რუი პედრო, ჟ. კეიროში, კინა

სათადარიგო შემადგენლობა: ლეიტე ფიგეირა, ლეიტე, პასი, ფლორენტინო

მთავარი მწვრთნელი: ელიო სოუსა

ინგლისი U19: რემსდეილი, სტერლინგი, ჯეი დასილვა, ედანი, სულიმანი, ბაკლი-რიკეტსი (84’ ედვარდსი), დოზელი (77’ და სილვა), მაუნთი, სესენიონი, ნმეჩა (73’ ბრერეტონი), ჯონსონი

სათადარიგო შემადგენლობა: ტროტი, მედოქსი, ჯეიმსი

მთავარი მწვრთნელი: კიტ დაუნინგი

მსაჯები: სრდიან იოვანოვიჩი (სერბეთი), ტიბო ნიისენი (ბელგია), იური ხომჩენკო (ბელარუსი), ოლა ჰობერ ნილსენი (ნორვეგია)

გაფრთხილება: 54’, 86’ ედანი, 67’ პირეში, 90’ რემსდეილი

გაძევება: 86’ ედანი

გოლები: 0:1 სულიმანი (50), 1:1 სტერლინგი (ს.კ.) (56), 1:2 ნმეჩა (68)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები