„პარტიზანული მებაღეობა“ თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნას არ უერთდება.
როგორც ”პარტიზანული მებაღეობის” წევრმა ლუკა ბახსოლიანმა განაცხადა, ისინი კონკრეტული საქალაქო სამსახურების რეორგანიზაციას მოითხოვენ:
“ჩვენ არ ვითხოვთ მერის გადადგომას. ჩვენ გვინდა პრობლემის მოგვარება და ვითხოვთ, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის და მისი მოადგილის ნუგზარ კახნიაურის გადაყენებას. ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს; ასევე დაუყოვნებლივ დაიწყოს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია; გარდა ამისა, დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობით, ჩამოყალიბდეს ისეთი სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქალაქის გარემოს მდგომარეობის სრულფასოვან მონიტორინგზე, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებაზე, გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მქონე საქმიანობების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას ქალაქის გარემოსდაცვითი ინტერესების გატარებაზე; ჩვენი მოთხოვნაა, გატარდეს ისეთი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ დედაქალაქში შენობა-ნაგებობების მშენებლობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ადრეულ და სრულფასოვან მონაწილეობას“
აქცია კი გრძელდება მერიასთან, ხვალიდან კი პროცესებში ხელოვანებიც ჩაერთვებიან. პარტიზანმა მებაღეებმა შიმშილობა უკვე შეწყვიტეს.