LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მივდივართ საბოლოო მიზნამდე, ვადამდელი არჩევნების დანიშვნამდე: ზაალ უდუმაშვილი

53
ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი გადაცემაში „დღის თემა“ აცხადებს, რომ პარტიის პოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რადგან ამ ეტაპზე პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მისივე განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, „თუ როგორ მივდივართ საბოლოო მიზნამდე, რომელსაც ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება ჰქვია“.

„დღეიდან უკვე აქტიურად დაიწყო პარტიაში კონსულტაციები, როგორც რეფორმებთან, ასევე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებითაც. სავარაუდოდ, დაგვჭირდება რამდენიმე დღე, რადგან პარტიაში ამ თემებზე აზრთა სხვადასხვაობაა. უნდა შევაჯეროთ პოზიციები, მოვისმინოთ ყველა მხარის არგუმენტები და შემდგომ მივიღოთ გადაწყვეტილება.

ეს გადაწყვეტილება არ იქნება დამოკიდებული იმაზე, ვის რა სურს, როგორ აფასებს პარლამენტში შესვლის ან არ შესვლის საკითხს. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მივდივართ საბოლოო მიზნამდე, რომელსაც ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება ჰქვია. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა უფრო უკეთესია საბოლოო მიზნამდე მისასვლელად“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილი ნიკა მელიას განცხადებასაც ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია არა მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატზე, არამედ ყველა წამყვან პოზიციაზე უნდა გაერთიანდეს. როგორც უდუმაშვილი აცხადებს, „წარმატების ფორმულა ოპოზიციის ერთიანობაშია“, ამიტომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი სტრატეგიით უნდა იმოქმედონ.

მისივე განმარტებით, თბილისის მერობის კანდიდატურისთვის ნიკა მელია უალტერნატივო კანდიდატი იქნება.

„რა შეთანხმებას მივაღწევთ, შევთანხმდებით საერთო კანდიდატებზე, ვერ შევთანხმდებით, თუ სხვანაირ შეთანხმებას მივაღწევთ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი სტრატეგია შეთანხმებული. ვგულისხმობ საერთო ოპოზიციას. უნდა ვიმოქმედოთ ერთიანი სტრატეგიით, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ჩვენ დავიქსაქსებით და ყველა ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებებს, ხომ გამოვა, რომ ოპოზიცია იქნება ერთმანეთის კონკურენტი ამ არჩევნებში და ამას დაემატება კიდევ ქართული ოცნება, რითიც ძალიან გავუადვილებთ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში სასურველი შედეგის დადებას.

მე ვთვლი, რომ ნიკა მელია უალტერნატივო კანდიდატია. თუ ვინმეს შეუძლია და ძალა შესწევს, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი კანდიდატი დაამარცხოს, ეს არის ნიკა მელია“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა გადაცემაში „დღის თემა“.