ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან საქართველოს პარლამენტში შესვლაზე კონტროლი მკაცრდება. საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შემსვლელ ყველა პირს და მათ შორის დეპუტატებსაც, სიცხეს გაუზომავენ. ამისათვის შესაბამისი აღჭურვილობა პარლამენტს სპეციალურმა სამსახურებმა უკვე გადასცეს.
დაწესებული შეზღუდვის თანახმად, დღეიდან პარლამენტის შენობაში დაიშვებიან მხოლოდ აპარატის თანამშრომლები და დეპუტატები. გაიღება მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის ერთი მხარე. ამ დროისათვის ასევე დროებით შეჩერებულია საშვების გაცემაც.
შეზღუდვები შეეხო მედიასაც. დღეიდან პარლამენტი მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადავიდა. ბრიფინგების და რესპონდენტების კომენტარების ტრანსლირება საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე მოხდება.
პარლამენტი მედიისთვის დაიკეტა
“საქართველოს პარლამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წლის 20 მარტიდან მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადადის. ბრიფინგების და რესპონდენტების კომენტარების ტრანსლირება მოხდება საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ოპერატიულად გადმოგეგზავნებათ იგივე ვიდეომასალა რედაქციებში. შემოთავაზებული წესრიგი განპირობებულია თქვენივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” – წერია პარლამენტის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.