ჩვენ გვეშლება, არ გვაქვს აღქმის უნარი, ბიძინამ 3019 წელი თქვა და არა 2019 წელი, ჩვენ აღვიქვით არასწორად, შესაბამისად უნივერსიტეტის მშენებლობა სწორი გრაფიკით მიმდინარეობს – ასე ეხმაურება „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია ქუთაისში მიმდინარე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას.
მმართველი გუნდის სრული შემადგენლობისა და „ქართუ“ ჯგუფის წარმომადგენლების დაპირებით, საუნივერსიტეტო ქალაქად გამოცხადებული ქუთაისის, ახალ საერთაშორისო დონის უნივერსიტეტში, სწავლა სწორედ 2019 წლის სექტემბერში უნდა დაწყებულიყო. თუმცა იმ ადგილას, სადაც უნივერსიტეტი უკვე აშენებული უნდა იყოს, ჯერ მხოლოდ საწყისი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქუთაისის სტუდენტურ ქალაქად ქცევის ამბიციური იდეა ჯერ კიდევ 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა. 2012-დან 2016 წლამდე, ანუ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ განცხადებები აღარ გაჟღერებულა. თემას, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაუბრუნდა.
პროექტის პრეზენტაცია კი 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გაიმართა. სწორედ ამ პროექტის მიხედვით უნივერსიტეტი 60 ათას სტუდენტზე უნდა ყოფილიყო გათვლილი და ამით ქუთაისი მსოფლიო მასშტაბით მე-5 საუნივერსიტეტო ქალაქი გახდებოდა.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის საერთო ბიუჯეტი მილიარდი ევროა. ამ თანხის ნახევარი, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობისა და აღჭურვისთვის უნდა დაიხარჯოს. თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი ერთი პროექტია, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ტექნოლოგიური ინსტიტუტი კი, რომელიც თბილისში აშენდება, სახელმწიფოს ბიუჯეტზე არსებული იქნება, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს დამოუკიდებლად განახორციელებს.
ქუთაისელების თქმით, საპარლამენტო არჩევნების წინ დადებული დაპირება მმართველ გუნდს ისევ ადგილობრივი არჩევნების წინ, 2017 წელს გაახსენდათ და კვლავ გააქტიურდა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის თემა. სწორედ, 2017 წელს დადო ხელისუფლებამ და „ქართუ“ ჯგუფმა პირობა, რომ ქუთაისის ტექნოლოგიურ სასწავლებელში მშენებლობის დასრულებისა და სწავლის დაწყების თარიღი 2019 წელი იქნებოდა.
2017 წლის ივნისში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ და მიუნხენის საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტის მმართველმა დირექტორმა, დანიელ გოტშალდმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის თანახმად, ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი პროგრამების შემუშავების და მართვის, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში, TUM International-ის ხარისხის მართვის სტანდარტები იქნება გამოყენებული.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯერ არაშენებულ საუნივერსიტეტო კომპლექსის რექტორად უკვე დაინიშნა თეიმურაზ მურღულია.
ქუთაისში, პროექტის მომავალს ეჭვის თვალით უყურებენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები. „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის გოგი წულაიას თქმით, ეს პროექტი თავიდან ბოლომდე ტყუილია და ამ თემას „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პერიოდში ხელოვნურად ააქტიურებს.
„ეს არის ტყუილი, ზღაპარი. ადრე იყო კომუნისტების დროს რაიკომის მდივნები რომ იტყუებოდნენ, ტყუილი, ტყუილი, ტყუილი, პაპიროზი პირში… აი ეს არის ახლაც, როდის აშენდება, როდის დამთავრდება ღმერთმა იცის. არჩევნების წინ ბორძიკობენ, რაღაცას ამოწვერავენ, რაღაც კედლები იქნება. წინასაარჩევნოდ ალბათ რაღაც დონემდე მიიყვანენ და წინა თვეებში დაცხებენ ისევ მშენებლობას და იტყვიან, ვამთავრებთო. ეს არის სატყუარა და მეტი არაფერი და რა ხეირს მოუტანს ეს ქუთაისს ცალკე თემაა. “გეპეის” შენობაა ქუთაისში, რომელიც ძალიან დიდი კომპლექსია, ნადგურდება, იქცევა და ინგრევა. იმას მიხედონ და ის გააკეთონ, ჯობია“, – აღნიშნა გოგი წულაიამ რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში.
როგორც ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ რადიო „ფორტუნასთან“ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ დაპირებაც კი შეამცირა და 60 ათასი სტუდენტის ნაცვლად 2 ათას სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტის მშენებლობა იგეგმება. მისი თქმით, ეს უნივერსიტეტი ვერანაირ ეკონომიკურ ცვლილებას ვერ მოახდენს ქალაქის მაცხოვრებლებისთვის.
„პირადად ბიძინა ივანიშვილი ქუთაისს დაპირდა, რომ ქუთაისი იქნებოდა საუნივერსიტეტო ქალაქი, აშენდებოდა უნივერსიტეტის კორპუსები და რაც მთავარია 60 ათას სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლები, სადაც სტუდენტები და ლექტორები იცხოვრებდნენ. ახლა თვითონვე შეამცირეს საკუთარი დაანონსებული რაოდენობა და საუბრობენ 2 ათას, მაქსიმუმ 3 ათას სტუდენტზე. რაც მთავარია ჩვენ ვნახეთ პროექტი, სადაც იქ არსებული ჭაობი უნდა დამშრალიყო და სწორედ ამ კლდის გარშემო გაშენებულიყო ეს კომპლექსი. ჩვენ მოვისმინეთ არარსებული უნივერსიტეტის რექტორის განცხადება, რომ თურმე პროექტი შეიცვალა და ეს ჭაობი დარჩება, ბაყაყები დარჩებიან და სწორედ ამ ჭაობის ირგვლივ მოხდება რამდენიმე კორპუსის გახსნა. ჩვენ ვთავაზობთ „ქართულ ოცნებას“, რომ ჩინოვნიკებმა ჩამოიყვანონ საკუთრი შვილები და ამ ჭაობის ფონზე და ბაყაყების ყიყინში ასწავლონ თავიანთ შვილებს და არა სხვის შვილებს. ეს რაოდენობა ამ სტუდენტების რომც დაიწყოს და გაიხსნას ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რაშიც ეჭვი მეპარება, ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს ქალაქის ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ქუთაისი დატოვეს ფუნქციის გარეშე, რაც აისახა ეკონომიკაზე. სამუშაო ადგილები აღარ იქმნება, ინვესტორები გარბიან, მოსახლეობა დაიცალა. ეს არის მორიგი ტყუილი, წინასააჩევნოდ შეფუთავენ ამ შენობას და რა თქმა უნდა საუნივერსიტეტო ქალაქზე საუბარი ვერ იქნება. ჯერ არარსებული უნივერსიტეტის რექტორის და მისი აპარატის შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტს წინა წელს 117 ათასი ლარი დაუჯდა. გამომდინარე აქედან, ჩნდება კითხვები არაარსებულ უნივერსიტეტს რაში სჭირდება ამხელა თანხა თუ მთლიანად ივანიშვილი და „ქართუ ფონდი“ იღებს თავის თავზე მისი მშნებლობის და შენახვის ხარჯებს? უამრავი შეკითხვაა, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხი “ქართულ ოცნებას” არ აქვს“, – განაცხადა გიგა შუშანიამ „ფორტუნასთან“.