„ქართველ ხალხს ექნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სოციალური სახელმწიფოს, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის უფრო ძლიერი გარანტიები და ეყოლება უფრო ძლიერი პარლამენტი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდა. მისი თქმით, საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია არ არის შესაბამისობაში ურთიერთგაწონასწორებისა და შეკავების პრინციპთან, რაც 2010 წელს ვენეციის კომისიის საბოლოო შეფასებაშიც დადასტურდა.
მისივე თქმით, მოქმედი კონსტიტუცია ხელისუფლებას, შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ავტორიტარული მმართველობის ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს.
„ახლა, მთავარი მიზანი იყო კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა ურთიერთგაწონასწორებისა და შეკავების პრინციპთან, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიებისა და კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპების გაძლიერება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, დაამყაროს ავტორიტარული რეჟიმი. ჩვენ გვინდა, გვქონდეს კონსტიტუცია, რომელიც აღკვეთს ნებისმიერი სახის ავტორიტარიზმის საფრთხეს გრძელვადიან პერსპექტივაში და გვჯერა, რომ ახალი დოკუმენტი უზრუნველყოფს ძლიერ გარანტიებს ამისთვის“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა შეასრულა ვენეციის კომისიისთვის მიცემული პირობა და არცერთი ის ნორმა არ მიიღო, რომელიც ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ არსებობს არცერთი ისეთი ნორმა, რომელიც მმართველ პარტიას სარგებელს აძლევს – განსხვავებით მოქმედი კონსტიტუციისგან.
„დასაწყისშივე, ჩვენ მტკიცე პირობა მივეცით ვენეციის კომისიას, რომ არცერთი ნორმა არ იქნებოდა მიღებული საქართველოს პარლამენტის მხრიდან, რომელსაც ნეგატიურად შეაფასებდა ვენეციის კომისია და ჩვენ ვიმოქმედეთ ვენეციის კომისიისთვის მიცემული ამ დაპირების შესაბამისად, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ხაზი უნდა გაესვას, არის ის, რომ არ არსებობს არცერთი ნორმა, თუ შევადარებთ ორ სხვადასხვა დოკუმენტს – მოქმედ და ახალ კონსტიტუციას, არ არსებობს არცერთი ნორმა, რომელიც სარგებელს აძლევს მმართველ პარტიას. ვერავინ ვერ დაასახელებს ასეთ ნორმას, რაც ამტკიცებს არა მხოლოდ კონსტიტუციის შეცვლას, არამედ საკონსტიტუციო კულტურისა და საკონსტიტუციო ტრადიციების შეცვლას საქართველოში, რაც ასევე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.