ხანგრძლივი პოლიტიკური დებატებისა და ურთიერთბრალდებების შემდეგ, პარლამენტმა, მეორე მოსმენით, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო.
ფრაქცია “ქართული ოცნების“ კანონპროექტს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის 23-მა წევრმა ხმა პროექტის წინააღმდეგ მისცა.
ფრაქცია “ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
„მსურს რამდენიმე სიტყვით მივმართო ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, ვინც ნაციონალურ მოძრაობაში არ არიან და ვისაც მიაჩნიათ, რომ ჰყავთ ამომრჩეველი, ვისაც მიაჩნიათ რომ აქვთ პოლიტიკური პარტია და ორიენტირი აქვთ ევროატლანტიკური სივრცისკენ. თქვენ თუ დღეს ამნისტიის კანონპროექტს არ დაუჭერთ მხარს კიდევ ერთხელ დაადასტურებთ, რომ ხართ ნაციონალური მოძრაობის ტყვეობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურებთ, რომ თქვენ არ ხართ ერთგული ევროპული შეთანხმების და ასევე დაადასტურებთ, რომ თქვენთვის სულ ერთი იყო შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერა“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.