LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა ძირი გამოუთხარა უწყებას, რომელიც არასოდეს უთანხმებდა გადაწყვეტილებებს არავის: ლონდა თოლორაია

74
ლონდა თოლორაია

საქართველოს პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც არასოდეს უთანხმებდა მის გადაწყვეტილებებს არავის და მოქმედებდა მხოლოდ კანონის დაცვით, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ლონდა თოლორაიამ პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა უქმდება, მკაცრად გააკრიტიკა, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო სექტორს, პარლამენტის წევრებს, საზოგადოების წევრებს, სტუდენტებს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს,უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც თოლორაია აცხადებს, მიღებული კანონით მიღწეულ იქნა მთავარი მიზანი – სახლში იქნეს გაშვებული 2019 წელს პარლამენტის მიერ 6 წლის ვადით არჩეული დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.

“კანონი მიღებული იქნა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების სახელით, მაშინ როცა ამ კანონს, მისი მიღების ფორმას და მეთოდებს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან. კანონი მიღებული იქნა ევროპული ღირებულებების სახელით, მაშინ როცა კანონის მიღების შეჩერება მოითხოვა ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, გაერომ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტარებმა, ამერიკის ელჩმა. ყველა მათგანმა მიუთითა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის დაშლა ასეთი დაჩქარებული წესით, გაუმჭვირვალედ, იყო მიუღებელი და ამ კანონის მიღება უნდა დაფუძნებოდა ფართო დისკუსიებს, ღია და ღრმა განხილვებს, მათ შორის ამ დისკუსიებში პირველ რიგში ჩართული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რეფორმა უნდა განხორციელებულიყო ფრთხილად და თანამდებობის პირების მიმართ მსგავსი მსუსხავი ეფექტის თავიდან არიდების გზით. ასევე მიუთითეს, რომ ეს პროცესი საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას და ძირს უთხრის სამსახურის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას.

ასევე, კანონი მიღებული იქნა არასამთავრობო სექტორის მიერ 2018 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნამდე გაცემული რეკომენდაციის სახელით. იმ რეკომენდაციის სახელით, რომელიც სამსახურის შექმნის დროს წინ ედო იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული. კანონი მიღებული იქნა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წლების წინ გაცემული რეკომენდაციის სახელით, რომლებიც დღეს პოზიტიურად აფასებენ სამსახურის საქმიანობას და აღნიშნავენ, რომ სამსახურის მუშაობის დაკვირვების პროცესში არ გამოუვლენიათ არც ერთი პრობლემა, რომელიც ქმნიდა ამ ორ ფუნქციას შორის ინტერესთა კონფლიქტის რისკებს. ამის პარალელურად, საქართველოს პარლამენტმა, ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უგულვებელყო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ, სამსახურის შექმნის შემდგომ გაცემული ყველა რეკომენდაცია, რომელიც რეალურად ემსახურებოდა სამსახურის გაძლიერებას და ინსტიტუციურ განვითარებას.

კანონი მიღებული იქნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლების სახელით 4 დღეში, მაშინ როცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ევროპული კანონი პარლამენტში ორ წელზე მეტია განუხილველად დევს თაროზე და მისი არც ერთი დებულება ამ ახალ კანონში იმპლემენტირებული არ არის.

კანონი მიღებული იქნა სამოხელეო დანაშაულების საგამოძიებო სამსახურის გაძლიერების სახელით, მაშინ როცა ახალ საგამოძიებო სამსახურს არ დაუმატეს არც ერთი ქმედითი მექანიზმი სამოხელეო დანაშაულების გამოსაძიებლად და არ გაითვალისწინეს არც ერთი ის გამოწვევა, რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიუთითებდა თავის ანგარიშებში, როგორც სამოხელეო დანაშაულების გამოძიების პროცესში დამაბრკოლებელ გარემოებას.

კანონი მიღებული იქნა საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციების შეუთავსებლობის მოტივით, თუმცა სამსახურისთვის არავის უკითხავს თავსდებოდა თუ არა ეს ორი ფუნქცია ერთმანეთთან ან რა გამოწვევები იყო უწყების მიერ ამ ორი ფუნქციის განხორციელების პროცესში. პარლამენტმა ვერ დაასახელა ვერც ერთი კონკრეტული მაგალითი, როდის შექმნა პრობლემა პრაქტიკაში ამ ორი ფუნქციის ერთი უწყების ქვეშ თანაარსებობამ.

საქართველოს პარლამენტმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც არჩევითი თანამდებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გააუქმა.

საბედნიეროდ, საქართველოს პარლამენტმა, ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის სამდღიანი ბრძოლის შემდეგ, შეცვალა დამოკიდებულება სამსახურის თანამშრომლებთან მიმართებით და მიიღო გადაწყვეტილება თანამშრომლები გადაანაწილოს ახლად შექმნილ ორ უწყებაში, თუმცა ეს არ ცვლის შედეგს – დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი აღარ არსებობს. არა მგონია ამ გზავნილის შემდეგ რომელიმე თანამდებობის პირმა შეძლოს დამოუკიდებლად მისი საქმიანობის წარმართვა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. ცხადია ეს ძალიან საშიშია, როგორც ადამიანის უფლებებისთვის, ასევე დამოუკიდებელი ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.

მიღებული კანონის თანახმად, სამსახურიდან გაგვათავისუფლეს მე და ჩემი მოადგილეები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის მიუღებელი იყო დამოუკიდებელი ორგანო დამოუკიდებელი ხელმძღვანელებით. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ მიუღებელია ობიექტური და კანონიერი შეფასებები.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გუშინ აღნიშნა, რომ ამ ახალი კანონით ამჯერად შეიქმნა ორი ანტიკონსტიტუციური ორგანო. ანუ, გარდა იმისა, რომ პარლამენტმა პირდაპირ აღიარა ანტიკონსტიტუციური კანონის მიღება, რაც უკვე ნონსენსია, ფაქტობრივად დაანონსა ამ ორი ახალი სამსახურის გაუქმებაც და მათ მომავალ ხელმძღვანელებს გაუგზავნა ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ თუ ისინიც იმოქმედებენ დამოუკიდებლად, არანაირი პრობლემა არ იქნება მათი სახლში გაშვებაც.

სამწუხაროდ, კომიტეტის სხდომაზე ვერ მოვისმინე ვერც ერთი დასაბუთებული პასუხი ჩემს კითხვებზე: 1) ვერ მივიღე პასუხი რატომ არ ვიყავით ჩართულები ამ ე.წ. რეფორმაში, 2) ვერ მივიღე პასუხი კითხვაზე, რატომ მიმდინარეობდა პროცესი დაჩქარებული წესით, 3) ვერ მივიღე პასუხი რეფორმირებული უწყების ხელმძღვანელად რატომ არ შეიძლება დარჩეს უწყების ხელმძღვანელი რომელიც 6 წლითაა არჩეული, 4) ვერ მივიღე პასუხი, რითი ძლიერდება ეს ორი მიმართულება გაყოფის შემდეგ, 5) ვერ მივიღე პასუხი რომელ ევროპულ ქვეყანაში ტარდება რეფორმები ასეთი მეთოდებით. ნაცვლად იმისა, კომიტეტის სხდომაზე მაინც ეკითხათ ჩემთვის, რა გამოწვევები ჰქონდა სამსახურს და რა მოსაზრებები მქონდა ამ კანონპროექტზე, ერთადერთი წუხილი, რომელიც პარლამენტს ჰქონდა იყო ის, თუ საიდან მოიპოვა უწყების ხელმძღვანელმა კანონპროექტი, რომლითაც უწყებას უშლიან და თანამდებობას უუქმებენ. ანუ, საიდან მოიპოვა უწყების ხელმძღვანელმა ის კანონპროექტი, რომლის გადმოგზავნის ვალდებულება პარლამენტს კანონით ჰქონდა დაკისრებული.

პარლამენტის წევრებს, ვინც დღეს ამ კანონის მხარდაჭერის ღილაკს ხელი დააჭირა, შევახსენებ, რომ საზედამხედველო უწყებებს ქვეყნები არ ქმნიან იმისთვის რომ უპირობოდ დაეთანხმონ ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებას. საზედამხედველო უწყებებს განვითარებულ ქვეყნებში ქმნიან იმისთვის, რომ თავისი სათქმელი თქვას, როცა სახელმწიფო უწყებები არღვევენ ადამიანის უფლებებს.

ამის საპირისპიროდ:

საქართველოს პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც არასოდეს უთანხმებდა მის გადაწყვეტილებებს არავის და მოქმედებდა მხოლოდ კანონის დაცვით;

თქვენ დღეს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელიც სხვის პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევისა და სხვისი მონაცემების უკანონო გამოყენებისთვის, პასუხისმგებლობას თამამად აკისრებდა საჯარო დაწესებულებებს;

დღეს თქვენ გააუქმეთ უწყება, რომელიც პირველი გამოეხმაურა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას და თქვა რომ ეს ფაქტი არ უნდა დარჩენილიყო რეაგირების გარეშე;

თქვენ დღეს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელიც შეზღუდული საკანონმდებლო, ადამიანური, ფინანსური რესურსებით აკეთებდა მაქსიმუმს რომ გამოეძიებინა სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტები;

თქვენ დღეს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელსაც მუდმივად უწევდა ბრძოლა იმისთვის, რომ როგორმე დასჯილიყვნენ დანაშაულის ჩამდენი მოძალადე მოხელეები;

თქვენ დღეს ამ ქვეყანას გაუუქმეთ უწყება, რომელიც ბედავდა და ხმამაღლა ამბობდა რომ მას უქმნიდნენ პრობლემებს და დაბრკოლებებს მტკიცებულებების მოპოვების პროცესში და არ აწვდიდნენ მტკიცებულებებს – დოკუმენტებს, ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც აუცილებელი იყო მოძალადე მოხელეთა დასასჯელად;

თქვენ დღეს ამ ქვეყანას გაუუქმეთ უწყება, რომელიც ნამდვილად ადგა ევროპულ გზას და ამკვიდრებდა ახალ, ევროპულ სტანდარტებს;

თქვენ დღეს გააუქმეთ უწყება, რომელმაც 2 წელში შეძლო საზოგადოების უპრეცედენტო ნდობისა და მხარდაჭერის მოპოვება და თქვენ ეს ბოლო 3 დღეში თვალნათლივ დაინახეთ;

დღეს თქვენ გააუქმეთ უწყება, რომელიც მომზადებულ საკანონდებლო ცვლილებებზე ბედავდა და თამამად გამოხატავდა მის კრიტიკულ მოსაზრებას, მაშინ როცა ეს რეფორმები იყო ფასადური;

თქვენ დღეს გადადგით ნაბიჯი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეფორმასთან;

თქვენ დღეს გადადგით ნაჯიბი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან;

თქვენ დღეს გადაწყვიტეთ, რომ სახლში გაუშვათ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი სამი მოადგილე, რომლებმაც მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა შეძლეს შეექმნათ დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება.

მე მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო სექტორს, პარლამენტის წევრებს, საზოგადოების წევრებს, სტუდენტებს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ამ უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენ ბოლო 3 დღეა ვუყურებთ.

მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს კეთილსინდისიერი და ღირსეული მუშაობისთვის.

მე მინდა მადლობა გადავუხადო მოადგილეებს გიორგი გამეზარდაშვილს, სოფო ჯიაძეს და სალომე ბახსოლიანს ამ სამსახურის შექმნისთვის და ღირსეული და გაბედული გადაწყვეტილებებისთვის”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია. ამავე პერიოდიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის ნაცვლად ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.