LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვაზე კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

158
azartulitamashebi

პარლამენტმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, ჩააგდო.

საკანონმდებლო პაკეტს კენჭი პირველი მოსმენით უყარეს. ინიციატივას მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა.  “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა პროექტის სულისკვეთებას იზიარებს, მაგრამ მხარს არ უჭერს ნორმას, რომლის მიხედვით, აზარტული თამაშების გარე რეკლამის განთავსება დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში უნდა აიკრძალოს. მდინარაძემ განმარტა, რომ თუკი ინიციატორი პროექტს ახლიდან, ახალი ფორმულირებით შემოიტანს, უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს. კენჭისყრის გადადებისა და შემდგომი კონსულტაციების გაგრძელების წინადადებით გამოვიდნენ უმრავლესობიდან დეპუტატები დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფო კილაძე და გია ვოლსკიც, თუმცა მათი ამ შეთავაზების გაზიარება არ მოხდა.

აღნიშნული არგუმენტი მიუღებელი აღმოჩდა თავად ლევან გოგიჩაიშვილისთვის. მან დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის ინიციატორები მის გარდა, უმრავლესობის წევრებიც არიან.

“თუკი პროექტის სულისკვეთებას იზიარებთ, მხარი დაუჭირეთ მას და თქვენი სახელი დაარქვით, ოღონდ მიიღეთ ხალხისთვის“, – მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა მმართველ გუნდს.

კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამა და 10 000 ლარიანი ჯარიმის დაკისრების საფუძველი ხდება. პროექტის თანახმად, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო, სამედიცინო, სპორტულ და კულტურის დაწესებულებებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 200 მეტრის რადიუსში.

ამავე პროექტით აკრძალვას ექვემდებარება ქართული საგადახდო ბარათებით უცხოურ აზარტულ და მომგებიან თამაშებზე ონლაინ გადახდების განხორციელება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები