პარლამენტმა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ ინიცირებული საკანონმდებლო პროექტი მიიღო.
„ქართული ოცნება“ ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის – რას გულისხმობს ინიციატივა
ინიციატივას კენჭი პირველი მოსმენით უყარეს, პროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგ წავიდა.
ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარეობს, ბიუროს მთავარი მიზანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა იქნება.
◾ ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.
◾ ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციების და თანამდებობის პირების საქმიანობას.
◾ პროექტის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოს.
ცვლილების მიხედვით,ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს ღია კონკურსის წესით, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია შეარჩევს და თანამდებობაზე დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს, ამის შემდეგ კი პრემიერი კანდიდატებისგან შეარჩევს და დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს.