პარლამენტმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პროექტი დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი კანონმდებლებმა მესამე მოსმენით 78 ხმით, ერთხმად მიიღეს. ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციებს შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და პარლამენტისთვის წარდგენა იქნება. ასევე, ბიუროს ფუნქციები იქნება შემდეგი:
- შეიმუშავებს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის პროექტს და მას დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგენს;
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას;
- ზედამხედველობას უწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულებას და მათი შესრულების მიზნით შეიმუშავებს სათანადო წინადადებებს და გასცემს სათანადო რეკომენდაციებს;
- იკვლევს და აანალიზებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებას, ამ სფეროსთან დაკავშირებით საქართველოს და სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მათ სამართალსა და სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომებს, მოსაზრებებსა და დასკვნებს;
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, მათ შორის სათანადო საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას;
ინიცირებულ პროექტში განხორციელდა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო სუბიექტებისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირების ფინანსურ მონიტორინგს და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. გარდა ამისა, სახელმწიფო თანამდებობის პირებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიუროსათვის მოუწევთ.
ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული პარლამენტისა და ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე იქნება. ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს – უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოს.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს ღია კონკურსის საფუძველზე საკონკურსო კომისია შეარჩევს და თანამდებობაზე დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. პრემიერ-მინისტრი კი ბიუროს უფროსს წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე 6 წლის ვადით დანიშნავს ანტიკორუფციული.