პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ნამდვილად არის, არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით საქართველოს დღესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა და საზოგადოების კრიტიკას „უცნაური კამპანია“ უწოდა.
მისივე თქმით, ყოველ წელს ბანერები სხვადასხვაგვარად არის გაფორმებული.
„ძალიან უცნაური მორიგი კამპანია წამოიწყეს სოციალურ ქსელებში. არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით, საქართველოს დღესთან დაკავშირებით რომ იყოს პარლამენტის შენობაზე. პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ნამდვილად არის. რაც შეეხება იმას, რომ დღეს თბილისი საქართველოს დროშის ფერებშია გაფორმებული და საქართველოს დღის საზეიმოდ ვემზადებით, მე მხოლოდ მახარებს. რატომ სწყინთ, არ ვიცი. ყოველ წელიწადს ბანერები სხვადასხვაგვარად არის გაფორმებული. ასე მახსოვს მე, ასე ახსოვს ალბათ საზოგადოებას და ამაში ვერაფერს ვერ ვხედავ, თუკი საქართველოს დღეს საქართველოს ფერებში ვიზეიმებთ და ასე აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
პარლამენტის შენობის ფასადზე 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 2022 წლისგან განსხვავებით, გამოფენილი არ არის ბანერები ევროპის დროშის გამოსახულებით. შარშანდელი წარწერის („ევროპისკენ“) ადგილზე, წაიკითხავთ – „ეს დღე ჩვენია“.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, 2016 წლიდან, ყოველ წელს, ეს დღე იძენს დამატებით თემატიკას, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქ-გაფორმება.
იხილეთ ვრცლად:
მთავრობა განმარტავს, რატომ აღარ არის EU-ის დროშა საზეიმო გაფორმებაში