პარლამენტის საშემოდგომო სესია 7 სექტემბერს გაიხსნება.
რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს.
7 სექტემბრის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნება, რომელიც პლენარული სხდომების დღის წესრიგს განსაზღვრავს.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტში ინიცირებულ საკითხებს შორის არის საკონსტიტუციო ცვლილებებიც, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევას ითვალისწინებს და მანდატების განაწილების პროპორციულ წესს ადგენს.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, „ქართულ ოცნებას“ ამ დროისთვის 84 დეპუტატი ჰყავს
აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტი პასიური მუშაობის რეჟიმში გადადის და როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება.
თუმცა, ამ პერიოდში, თუ იგი ემთხვევა პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების კვირას, საჭიროების შემთხვევაში პლენარულ სხდომებს იწვევს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნის საფუძველზე.
სხვა შემთხვევაში პლენარული სხდომა მოიწვევა და იმართება რიგგარეშე სხდომისთვის რეგლამენტის 82-ე მუხლით დადგენილი წესით.