რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, რომ საბავშვო ბაღების ავტორიზაციის წესები, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ვერ შესრულდება იმ სახით, როგორც დოკუმენტშია ასახული.
ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და თქვა, რომ ბაღების ავტორიზაციასთან დაკავშირებული რეგლამენტი საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით არსებულ რეალობას არ ასახავს.
მინისტრი ამბობს, რომ, უმეტეს შემთხვევაში, საჭიროა შენობის სტრუქტურული ცვლილებები იმისთვის, რომ ის რეგლამენტთან შესაბამისობაში მოვიდეს:
“როცა ძველ ბაღებზე ვსაუბრობთ, არათუ სარემონტო სამუშაოები, არამედ მეტწილად შენობის კარდინალური სტრუქტურული ცვლილებებია საჭირო, რათა ის რეგლამენტთან შესაბამისობაში მოვიდეს. საბავშვო ბაღებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თვითმმართველობები მართავენ. ჩვენ ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ, რომ რეგლამენტის პირობები გადაიხედოს და ბაღების ავტორიზაციის პროცესს ხელი შევუწყოთ.” – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე განმარტებით, შენდება 31 ბაღი და მათი მშენებლობის პროცესი რეგლამენტთან სრულად თანხვედრაშია.