LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

113
fot

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. უმრავლესობის დეპუტატებმა მხარდაჭერა ერთხმად გამოხატეს.

კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა გივი მიქანაძემ წარადგინა.

„საუბარია არა მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვაზე, არამედ იმ ნორმების დახვეწაზე, რამაც პრევენციულად უნდა იმოქმედოს.

რისკფაქტორების ახალი კონკრეტული გარემოებები გაჩნდა, რაზეც არამარტო განცხადება გაკეთდა, არამედ გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო დღეს საზოგადოება დარწმუნდა, თუ რა მიზნებს ისახავენ ეს ადამიანები რევოლუციური სცენარით. აბსოლუტურად მყისიერად სამოქმედოა. ამიტომაც მოვითხოვეთ პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. როგორც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე ვალდებულება გვაქვს, რათა საზოგადოების უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგი მაქსიმალურად იქნას დაცული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 18 სექტემბრის განცხადებაში პირდაპირ მითითებულია, რომ დესტაბილიზაცია ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდს უკავშირდება. დღეს უკვე 2 ოქტომბერია. შესაბამისად, საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე უფლება არა გვაქვს თუნდაც ერთი წუთით ეს პროცესი შევანელოთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლითაც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება. შემოდის ახალი ამკრძალავი ნორმები.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: – საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები