LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პარლამენტი ირჩევს ივანიშვილის ჯიბის მთავრობას“: გახარიას და მინისტრებს პროტესტის ფონზე ამტკიცებენ

79
foto

დღეს, პარლამენტი ახალ მთავრობას დაამტკიცებს. ახალი მთავრობის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. საქართველოს ეყოლება ახალი პრემიერი და 11 ახალი მინისტრი.

პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს ნდობას გამოუცხადებს

დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აქციის ფონზე მოუწიათ. „მონა, მონა“ სკანდირებენ პარლამენტთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები.

აქციის მონაწილები  აცხადებენ, რომ დღევანდელი პარლამენტი არალეგიტიმურია.

მოძრაობა „საქართველოსთვის” წევრი ლაშა ხუსკივაძე აცხადებს რომ  აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.

„სხვადასხვა ქალაქში ახალ წლამდე გაჩნდება საპროტესტო კერები და აქციები გაიმართება იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები. ვითხოვთ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც სასჯელს უსამართლოდ იხდიან. დღეს ამ შენობაში „ცეკა”-ს სხდომა იმართება, სწორედ ამას ვაპროტესტებთ“, – განაცხადა ხუსკივაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ივანიშვილის ჯიბის მთავრობას აირჩევენ.

„ეს არის კომუნისტური პარტია, ოქმების გაყალბების შედეგად მოსული მთავრობა; დღეს ერთპარტიული პარლამენტი ირჩევს ბიძინა ივანიშვილის ჯიბის მთავრობას… სანამ ქართველი ერის პოლიტიკური ნება არჩევნებით არ იქნება გამოხატული, მანამდე არ გავჩერდებით“, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.

აქტივისტებმა პარლამენტის მიმდებარედ კარვის გაშლა დააანონსეს.

მათივე თქმით, ახალი წლის შემდეგ კარვები განთავსდება შენობის წინაც. ისინი ამბობენ, რომ როგორც კი ეპიდსიტუაცია შექმნის შესაძლებლობას, ფართომასშტაბიანი პროტესტი დაიწყება.

 

 

 

 

ფოტო: პუბლიკა
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები