„პარლამენტი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ისეთი ინსტრუმენტების შექმნისას, რომლითაც უმცირესობა, ოპოზიცია, შეიძლება, გარკვეული პოლიტიკური ქმედების გამო დაისაჯოს“, – ამის შესახებ გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში აცხადებს.
პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან და უცხო ქვეყნის მოქალაქის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობასთან დაკავშირებული კანონპროექტების შესახებ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნაზე საუბრისას, გერმანიის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ODIHR-ს ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.
როგორც გერმანიის ელჩმა აღნიშნა, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, ორივე ინსტიტუციამ, მათი პოზიცია ძალიან მკაფიოდ, დეტალურად და კარგი დასაბუთებით გამოთქვეს.
“დასკვნა ის არის, რომ პარლამენტი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ისეთი ინსტრუმენტების შექმნისას, რომლითაც უმცირესობა, ოპოზიცია, გარკვეული პოლიტიკური ქმედების გამო შეიძლება დაისაჯოს. ეს ორივე ინსტიტუცია არ გასცემს მითითებებს, პასუხისმგებლობა არჩეულ პოლიტიკოსებზეა. ისინი გადაწყვეტენ, თუ რა შეიძლება, მოცემულ სიტუაციაში იყოს სასარგებლო და რამ შეიძლება, პრობლემები შექმნას“, – აღნიშნა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ჰუბერტ ქნირშმა.
ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნებში აღნიშნულია, რომ:
1) პარტიების დაფინანსების შეწყვეტა, როცა ცალკეული დეპუტატები პარლამენტის სხდომების დიდ ნაწილს არ ესწრებიან, არაპროპორციულად აღიქმება;
2) პარტიული სიის რეგისტრაციის მოხსნა, რადგან მისი ლიდერი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, არაპროპორციულ ზომად აღიქმება.