LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი ის ადგილია, სადაც უნდა იკამათო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც გრძნობ, რომ მმართველი პარტია არასწორად იქცეოდა – ევროპარლამენტარი, მაიკლ გალერი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

60
მაიკლ გალერი

“გულწრფელად რომ ვთქვა, როდესაც ალტერნატივების სახით ბატონი ივანიშვილი და ბატონი სააკაშვილი გყავს, თავიანთი რეპუტაციებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და არჩევანი გაქვს გასაკეთებელი – ალბათ, ხალხის ნაწილი ცოტათი უიმედოდაა,“ -ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მაიკლ გალერმა განაცხადა, თუმცა მიუხედავად ამ მოსაზრებისა, იგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მაინც პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს და ფიქრობს, რომ არჩევნების შედეგების გაკრიტიკება საპარლამენტო სცენიდან უფრო რელევანტური იქნება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევებსა და მის შედეგებზე, ევროპარლამენტარმა „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა. როგორც იგი ინტერვიუში აცხადებს, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში გასულ წელს, პოლიტიკური შფოთვების დროს, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა. მისივე თქმით, მათ ადგილზე მოლაპარაკებებისა და მედიაციის სახით, სხვადასხვა პოლიტიკური ძალა მაგიდის ირგვლივ შეკრიბეს და შეთანხმების მიღწევა შეძლეს.

„მესმის, რომ სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ შექმნილი უხერხული სიტუაცია კვლავ გრძელდება. მიუხედავად იმისა, იყო თუ არათანაბარი გარემო – ყველა ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით, ყოველთვის ყველას მოვუწოდებ, რომ პარლამენტში ადგილები დაიკავონ. თუ არჩევნების გაკრიტიკება გსურს, ამის გაკეთება საპარლამენტო სცენიდან, სესიაზე მიკროფონით უფრო რელევანტურია.

როდესაც არჩევნებზეა საუბარი, თუ როგორ ჩატარდა ის, ყოველთვის ვამბობ, რომ არაერთ არჩევნებს დავკვირვებივარ, ბოლოს საქართველოშიც (2020-ს არ ვგულისხმობ), არჩევნები მთლიანი პროცესია, სამართლებრივი მოწყობით, მომზადებით, ის მხოლოდ საარჩევნო დღე არ არის, ან ის თუ რამდენად სწორად ითვლიან ხმებს, ან არიან თუ არა საარჩევნო უბნებთან ხალხი, რომლებიც დამაშინებლად გამოიყურებიან. მე ეს ადრეც მინახავს და ჩვენ ეს ახლაც ვნახეთ. ეს ცუდი ჩვევებია, ამ რეალობის წინაში ამომრჩევლები არ უნდა იდგნენ,“ – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტი თანამშრომლობის ფარგლებში დადებული შეთანხმებების შესრულებას ითხოვს, რომელიც კარგ მმართველობასა და დემოკრატიულ მოწყობას ეხება. შესაბამისად, სამიტისას ისინი სხვადასხვა ქვეყნის შესახებ, დეტალურ შეფასებებს აკეთებენ.

„რაც გასაკრიტიკებელი იქნება გავაკრიტიკებთ, ხოლო ის, რაც მისაღებია – მიღებული იქნება, თუმცა, საერთო ჯამში, იმას, რაზეც საქართველოსთან შევთანხმდით, დიდი გზა აქვს გასავლელი და ეს თქვენი შესასრულებელია“, – განაცხადა ინტერვიუში ევროპარლამენტარმა.

გალერის თქმით, არჩევნები სხვადასხვა გარემოების ერთიანი პროცესია და „როდესაც ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს მტკიცებებს, ეს გამოძიების ნაწილი უნდა იყოს“.

„მესმის, მაგრამ იმ არგუმენტების წამოწევა, რომლებიც მათ აქვთ, პარლამენტში სჯობს, ვფიქრობ, ამას საზოგადოებაზეც მეტი ეფექტი ექნებოდა, ვიდრე მაგალითად, ამის პრესკონფერენციაზე გაკეთების დროს,“- აღნიშნა ევროპარლამენტარმა და დაამატა, რომ პარლამენტი ის ადგილია, სადაც უნდა იკამათო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც გრძნობ, რომ მმართველი პარტია არასწორად იქცეოდა. თუ ისინი ამას საპარლამენტო სესიაზე მოისმენენ, ვფიქრობ, ამას სხვა ეფექტი ექნება.

„მაგალითად, როცა საქმე მტკიცებებს ეხება – როცა გადახედვაზე ან გამოძიებაზეა საუბარი, ვფიქრობ, რომ მან ყველა ასპექტი უნდა მოიცვას, ის მხოლოდ გადათვლას არ უნდა ეხებოდეს. როგორც წინა ჯერზე ვთქვი – არჩევნები სხვადასხვა გარემოების ერთიანი პროცესია და როდესაც ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს მტკიცებებს, ეს გამოძიების ნაწილი უნდა იყოს. მმართველი გუნდი კონკრეტულ ასპექტებს ეთანხმებოდა, თუმცა ეს საკმარისი არაა.

„იმას ვგულისხმობ, რომ მიღებულმა ხმებმა საკმაოდ დიდი შედეგი აჩვენა. არასამართლიანად ან არასწორად მიღებული ხმების ჩამოკლების შემთხვევაშიც, დარწმუნებული არ ვარ, რომ საპირისპირო შედეგს მივიღებდით. ვიცი, რომ ეს ორი პარტია ჩვენი პარტნიორია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ არგუმენტებს ავტომატურად 100%-ით მივიღებ. ჩვენ ყოველთვის ვაკრიტიკებთ – განსაკუთრებით, როცა ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ეხება,“ – აღნიშნა გალერმა.

მისი აზრით, ხალხს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ დემოკრატიით განვითარება მოდის, განვითარება მათთვის და არა მხოლოდ იმ ბედნიერი უმცირესობისთვის, რომელიც ამით ხეირობს.

„ზოგადად, იმ გზას, რომელზეც საქართველო დგას, უნდა ჰქონდეს პერსპექტივა, რომელსაც ენდობიან – ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ ვისაც ირჩევენ, ისინი სანდოები არიან და ხალხისთვის მუშაობენ. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, როდესაც ალტერნატივების სახით ბატონი ივანიშვილი და ბატონი სააკაშვილი გყავს, თავიანთი რეპუტაციებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ და არჩევანი გაქვს გასაკეთებელი – ალბათ, ხალხის ნაწილი ცოტათი უიმედოდაა, ასე რომ ვთქვათ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები