LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარხალის მხატვრობის სარესტავრაციო სამუშაოებში ქართველი ექსპერტები ჩაერთვებიან

161

16 სექტემბერს, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, პარხალის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყება, რომელშიც ქართველი ექსპერტები ჩაერთვებიან. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

პარხალის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში ქართველი ექსპერტების მონაწილეობაზე შეთანხმება, კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის, ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის თურქეთში ვიზიტის დროს მიღწეულ იქნა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თურქეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და კოორდინაციით, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ჩართულობით, ქართველი საექსპერტო ჯგუფი 15 სექტემბერიდან 20 სექტემბრის ჩათვლით გაემგზავრება თურქეთში (ართვინის რეგიონი, იუსუფელი), როგორც მეთოდოლოგიის გაცნობის და ზედამხედველობის ასევე სამუშაოებში უშუალო მონაწილეობის მიზნით. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ნანა კუპრაშვილი, ალექსანდრე რუბაშვილი და გიორგი ნავროზაშვილი. ჯგუფს თან ახლდება თარჯიმანი ბებური გოზალიშვილი.

სამონასტრო კომპლექსი პარხალი მდებარეობს ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონში, ისტორიულ პარხალში, დაბა იუსუფელის (Yusufeli) ჩრდილო–დასავლეთით 27 კმ–ში მდებარე ისტორიულ სოფელ პარხალთან, (ალთიპარმაქ) (Altiparmak), მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში. პარხალის ეკლესია ააგო დავით III კურაპალატმა (აშენდა 973 წელზე ცოტა ადრე). ამ პერიოდში შატბერდის მონასტერში მოღვაწე იოანე ბერაიმ გადაწერა და პარხალს შესწირა სახარება, რომელიც ლიტერატურაში პარხლის ოთხთავის სახელითაა ცნობილი. პარხლის მოღვაწეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გაბრიელ პატარაჲ (X-XI სს.), პარხლის ოთხთავისა და პარხლის მრავალთავის გადამწერი. პარხალში გადაიწერა „შუშანიკის წამება“, უძველესი ნუსხა X ს-სა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები