საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქართული სოფელი კატასტროფულ მდგომარეობაშია და ეს მიწის საკითხზეა დამოკიდებული.
როგორც მან დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა, თუ არ შეიქმნა მიწის ბაზარი, მოსახლეობის 50%–ის ცხოვრება კვლავ არსებობისთვის ბრძოლა იქნება.
„ძირითადად იბრძვიან მათი ოჯახის წევრები – ქალბატონები, რომლებიც უცხოეთში სამუშაოდ მიდიან და იქიდან უგზავნიან საჭმლის ფულს თავის შვილებს. მიდიან დედები და შვილებთან ურთიერთობენ მხოლოდ სკაიპით. იმ პოლიტიკოსების გასაგონად ვამბობ, ვინც აქ, თბილისში, პარკეტზე გაზრდილები საუბრობენ მიწის რეფორმაზე. ეს არის რეალობა. მე არ ვიცი რა უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში, მიწა ვისზე უნდა გაიყიდოს, მაგრამ ვიცი რომ თუ მიწის ბაზარი არ შეიქმნება სოფლად და სოფლის მეურნეობას ხელს არ შეუწყობენ, მოსახლეობის 50% იცხოვრებს გაუსაძლის პირობებში.
ამას გეუბნებით, არა როგორც პოლიტიკოსი, რომლებსაც ლექსები უყვარს, არამედ როგორც გლეხი, რომელიც მიწაზე მუშაობს და იცის როგორია 5-5 კილომეტრი აქეთ-იქით სირბილი, ბარით ხელში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან ამაზე საუბრისას, ასევე თქვა, რომ მოქალაქეებს ძალიან მცირე მიწები აქვთ, ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული. ასეთ შემთხვევაში ძალიან რთულია, მიწის დამუშავებით მათ სერიოზული სარგებელი მიიღონ.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად დრამატული რეფორმაა საჭირო.