პარიზის მუზეუმში Palais Galliera პირველი ოქტომბრიდან გაბრიელ ბონეერ „კოკო“ შანელის მასშტაბური რეტროსპექტივა იხსნება. პროექტს – „გაბრიელ შანელი. მოდის მანიფესტი“ ეწოდება და ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ ლეგენდის ცხოვრება და შემოქმედება სრულიად ახალი კუთხით იქნება წარდგენილი. საზოგადოება გაიცნობს ქალს და შემოქმედს, რომელიც მარკეტოლოგების მიერ შექმნილი მითების მიღმა არსებობდა. უცნაურია, თუმცა ფაქტია რომ შანელისთვის მიძღვნილი ასეთი მასშტაბის გამოფენა პარიზში პირველად იმართება, კოკო მსოფლიოს ბევრ ქალაქში დაუფასებიათ, თუმცა არა სამშობლოში.
„ჩვენ გვინდოდა, რომ კოკოს აქამდე უცნობი ასპექტები გაგვეანალიზებინა. აქცენტი გავაკეთეთ მის შემოქმედებაზე და არა ბიოგრაფიაზე, გავიგეთ ბევრი ახალი რამ და ვფიქრობთ, რომ საზოგადოება შანელს აქამდე უცნობი კუთხით გაიცნობს“ – განაცხადა მირენ არზალუზმა, მუზეუმის დირექტორმა.
გამოფენის პრეზენტაცია, მუზეუმის გახსნას დაემთხვევა, რადგან მთელი ეს პერიოდი საგამოფენო სივრცე პანდემიის გამო დახურული იყო. რაც შეეხება შანელს, რეტროსპექტივის მომზადებაში მისი მოდის სახლიც აქტიურად იყო ჩართული და საკმაოდ დიდი ფინანსებიც დაიხარჯა.