LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც მხარდაჭერის გამოსახატად კიევს ესტუმრა

63
BeFunky-collage (11)

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტს მიმართავს. პლენარულ სხდომაზე დეპუტატების გარდა იმყოფებიან მთავრობის წარმომადგენლები. მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ანგარიშს ისმენენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2021 წლის ანგარიშისა და 2022 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას თქვა, რომ დღეს საქართველო ისტორიულ პროცესში იმყოფება. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე შეტანილ განაცხადზე გაამახვილა ყურადღება.

“დღეს იმ ქვეყნის პარლამენტში ვიმყოფებით, რომელმაც შეძლო ბოლო წლების ურთულეს საერთაშორისო და საშინაო გამოწვევებთან გამკლავება. დღეს საქართველოს ისტორიულ პროცესში ყოფნის დროს, როდესაც 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა, მისასალმებელია, რომ ევროკავშირმა მოკლე ვადებში მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მოლდოვისა და უკრაინის განცხადების განხილვასა და პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. საქართველომ ერთ თვეში შეძლო 2669 კითხვაზე პასუხის გაცემა და ევროკომისიისთვის დაბრუნება, 3 600-გევრდიან ნაშრომზე, რომელიც 9 ტომისგან შედგება, რამდენიმე ასეული საჯარო მოხელე მუშაობდა.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქვეყნისთვის დაუღალავი სამსახურისთვის და ამ ტრიბუნიდან განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო პარლამენტის აპარატის თანამშრომლების წვლილი ამ კითხვარის შევსებაში.

რეფორმების განხორციელებაში საქართველოს განვლილი წლებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი პოზიტიურად უპასუხებს ჩვენი ქვეყნის ძალისხმევას და ჩვენი ხალხის მტკიცე სურვილს, წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირს შეუძლია, დაადასტუროს ჩვენი რეგიონისადმი გრძელვადიანი ინტერესი და შეზღუდოს საქართველოს არაკეთილმოსურნეთა შესაძლებლობები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზეც ანგარიშის წარდგენისას გაამახვილა და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა დაუდასტურა.

“საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, მხარდაჭერის გამოსახატად საპარლამენტო დელეგაციით ესტუმრა უკრაინელ კოლეგებს კიევში. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ომის დაწყებამდე უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო. კიდევ ერთხელ გამოვხატავ სრულ სოლიდარობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვებ მათ მშვიდობას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები