„12 რეკომენდაციიდან სამი უკვე შესრულებულია. რაც შეეხება დანარჩენ რეკომენდაციებს, ევროკომისიამ აქაც აღნიშნა ის პროგრესი, რაც გვაქვს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან, ევროკომისიის რეკომენდაციებზე საუბრის დროს განაცხადა.
პრემიერი: დეკემბერში ველით სამართლიან გადაწყვეტილებას, ვიტყოდი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან
შალვა პაპუაშვილის თქმით, რეკომენდაციების შესრულება-არშესრულებაზე საბოლოო შეფასება ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს ეკუთვნის.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ გაცემული რეკომენდაციებიდან სამი შეასრულა, უკრაინამ ორი, ხოლო მოლდოვამ – სამი:
„12 რეკომენდაციიდან სამი უკვე შესრულებულია. რაც შეეხება დანარჩენ რეკომენდაციებს, ევროკომისიამ აქაც აღნიშნა ის პროგრესი, რაც გვაქვს. როგორც იცით, შუალედურ ანგარიშში, რომელიც პირველი ასეთი სახის ანგარიში იყო და პირველად მოგვეცა შესაძლებლობა, რომ საერთოდ გაგვეგო ამა თუ იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით ევროკომისიას როგორი განმარტება ან მიდგომა აქვს, გამოჩნდა, რომ ჩვენ უკვე, ამ ეტაპზე, სამი რეკომენდაცია შეგვიძლია გადავდოთ გვერდზე და ჩავთვალოთ შესრულებულად.
დანარჩენს რაც შეეხება, იცით, რომ საკანონმდებლო კუთხით ბევრი დარჩენილი არაფერია, არის სასამართლოს საკითხი, სადაც ბოლოს მიღებული ცვლილებები, სხვათა შორის შუალედურ ანგარიშში არ იყო გათვალისწინებულ და გარდა ამისა, ეს ბოლო ცვლილებები ვენეციის კომისიაში გახლავთ გაგზავნილი ანალიზისთვის.
მეორე, იცით, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, როგორც ეს ევროკომისიამ გვთხოვა, შევაჩერეთ და სისტემურ მიდგომასთან დაკავშირებით გვაქვს კომუნიკაცია ბრიუსელთან, რას ფიქრობენ და რა მოლოდინები აქვთ. აქ დიდი ხარვეზები ჩვენ ვერ მოვისმინეთ. საუბარი იცით, რომ იყო, მაგალითად, კონკურენციის სამართალზე და სახელმწიფო შესყიდვებზე.
როდესაც ჩავეკითხეთ კონკრეტულად რა მოლოდინები აქვთ ჩვენგან, მაინცდამაინც, ფუნდამენტური საკითხები აქ არ არის. ჩვენ დღევანდელ შეხვედრასაც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მოვისმინოთ მოსაზრებები, რას ფიქრობენ საკანონმდებლო კუთხით და მეორე მიმართულებაა უკვე პრაქტიკაში განხორციელება იმ რეფორმების, რაც პარლამენტმა მიიღო და ამას თავისთავად დრო და დაკვირვება სჭირდება, რაზედაც ევროკავშირიც საუბრობს.
რეკომენდაციების შესრულება-არშესრულებაზე საბოლოო შეფასება ეკუთვნის ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი შეფასება. უკვე მოხერხდა, რომ საქართველომ სამი რეკომენდაცია შეასრულა, უკრაინამ ორი და მოლდოვამ სამი. ამ მხრივ ვფიქრობ, რომ სამივე ქვეყანას მსგავსი ტემპი აქვს. აქ მთავარია, ის პროგრესი, რომელიც საქართველომ აჩვენა და გარდა ამისა, ოქტომბრამდე საკმაოდ ვადაა იმისთვის, რომ საკანონმდებლო მხრივ არსებული საკითხები საბოლოოდ შესრულდეს“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, იმართება კონფერენცია თემაზე „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“. კონფერენცია საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ეძღვნება. ღონისძიებაზე საუბარი იქნება ევროკავშირის 12 რეკომენდაციას და ასევე, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე რეფორმებს, რომელსაც პარლამენტი ახორციელებს.