,,არ არის გასაკვირი, რომ გარკვეული წუხილი ისმის ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, რადგან ხდება კანონპროექტის „სტიგმატიზება რუსულ კანონად“ და „პროპაგანდისტული აჟიოტაჟია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი განმარტებით, გამჭვირვალობა აუცილებელია და მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, კანონპროექტის განხილვის დროს გაგრძელდება.
„მაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის – დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. გასაგებია წუხილი, რომელიც მათ აქვთ, იმ პროპაგანდისტული ტალღის ფონზე, რაც ვრცელდება ამ პროექტთან და იდეასთან დაკავშირებით… ამ საუბრებში ყველა ვთანხმდებით, რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ, თუ რა ინტერესები არსებობს, რა ფინანსური რესურსები არსებობს იმ სუბიექტების უკან, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში და მიღებაში. ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური საფუძველი ამგვარი მიდგომებისა და ამაზე ყველა ვთანხმდებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.