საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, იქ განთავსებულია საოკუპაციო ძალები და აქედან გამომდინარე, რისკები ყოველდღიური და ყოველწამიერია.
შალვა პაპუაშვილი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო დესტრუქციული ქმედებები შეინიშნება.
მისი თქმით, ჩვენ ვართ ყოველდღიური და მუდმივი საფრთხის წინაშე:
“ჩვენ ვართ ყოველდღიური და მუდმივი საფრთხის წინაშე. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, იქ განთავსებულია საოკუპაციო ძალები. აქედან გამომდინარე, რისკები არის ყოველდღიური და ყოველწამიერი.
სწორედ ამ პასუხისმგებლობით მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. მისი ნებისმიერი ნაბიჯი არის განპირობებული უსაფრთხოების განმტკიცებით და იმით, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას დამატებითი საფრთხეები არ შეექმნას. ეს გახლდათ ნატო-ში ჩემი ვიზიტის შინაარსი, რომ ჩვენს პარტნიორებთან გვქონოდა კომუნიკაცია და ერთგვაროვანი პოზიცია რეგიონში უსაფრთხოებასთან და საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით”, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს, რომ საოკუპაციო ხაზის, სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპანტები გააქტიურდნენ.
მათი განმარტებით, ოკუპანტებმა თეთრი ლენტები ხეებს ამჯერად სოფლის მიმდებარედ შეაბეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ოკუპანტები სამომავლოდ ბორდერიზაციის მიზნით პერიმეტრს ნიშნავენ.