პაპმა ფრანცისკემ კენიის დედაქალაქ ნაირობიში გაჭირვებულთა კვარტალი მოინახულა და მდიდარი ადამიანები გააკრიტიკა, რომლებიც ღატაკების მიმართ გულგრილობას იჩენენ, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა პაპი ენახათ. ფრანცისკემ ნაირობის ყველაზე ღარიბული უბანი მანქანით დაათვალიერა.
მისი თქმით, მდიდარი ადამიანები ეგოისტურად ხარჯავენ საკუთარ ფულს მაშინ, როდესაც ღატაკი მოსახლეობა სიბინძურესა და დანგრეულ ქოხებში ცხოვრობს.
„მე აქ იმიტომ ვარ, რომ იცოდეთ, არ ვარ თქვენი სიხარულისა და იმედის, დარდისა და გაჭირვების მიმართ გულგრილი,“ – თქვა პონტიფიკოსმა ადგილობრივ კათოლიკურ ეკლესიაში შეკრებილ მრევლთან.
კანგემის რაიონში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მათ უმეტესობას ქოხში საკანალიზაციო სისტემა არ აქვს. 20 ათასამდე მოქალაქე კათოლიკეა.
კენიის შემდეგ აფრიკაში სამდღიანი მოგზაურობის ფარგლებში პაპი უგანდასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას მოინახულებს.