LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პანიკის საფრთხე არ არის და არც თავზე ნაცრის დასაყრელი გვჭირს” – დაავადებათა ეროვნული ცენტრის პრესკონფერენცია

250
ddd

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსთან დაკავშირებით უკვე გამოაცხადა, თუმცა საქართველოში პანიკის საშიშროება არ არსებობს, ვინაიდან ამ დრომდე არ დადასტურებულა ვირუსის არც ერთი შემთხვევა. აღნიშნული განცხადება დღეს დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა და აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს მოსახლეობის სწორი ინფორმირება. ამირან გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მინიმალური რისკები არსებობს, თუმცა ქვეყანა შესაძლო შემთხვევისთვის მზად არის. მისი თქმით, აღნიშნული განცხადების გამყარების საშუალებას აძლევს გუშინ სასწრაფო ბრიგადების და სამედიცინო პერსონალის მუშაობა, რომელიც რამდენიმე ადამიანის შესაძლო ინფიცირებას ეხებოდა.

საქართველოს დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციაში თურქეთის რესპუბლიკა დაეხმარება. რაც შეეხება მოქალაქეების შემოწმების პროცესს, მან განაცხადა, რომ ევაკუაციის შემდეგ 14-დღიანი კარანტინის პერიოდი მოეწყობა, რა დროსაც მოხდება მოქალაქეებზე დაკვირვება და ჩატარდება მათი სრული ლაბორატორიული გამოკვლევა ახალ კორონავირუსზე.

გლობალური საფრთხე: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა

“ამ დროისათვის სერიოზული ვირუსული აფეთქება აღინიშნება მხოლოდ ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში ჩინეთში. სხვა  ფაქტები 19 ქვეყანაში თითო-ოროლაა გამოვლენილი, მათ რიცხვში არ არის საქართველო. აშშ-ში 5 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ქვეყანამ განსაკუთრებული ზომები არ მიიღო. ამის საჭიროება საქართველოშიც არ გვაქვს, მაგრამ გარწმუნებთ, შესაძლო ვითარებაში საქართველო სრულიად არის მზად შეხვდეს ვირუსს და ეს გუშინდელმა დღემაც დაამტკიცა. ამიტომ ამ ეტაპზე ქვეყანაში არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

“საქართველოში პანიკის საფუძველი არ გვაქვს, კორონავირუსი ჩვენთან არ დაფიქსირებულა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისათვის ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულია 200-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა და უკვე კლინიკებიდან გაწერილთა რიცხვმა 200-მდე მიაღწია. გამყრელიძის განმარტებით, 4 ქვეყანაშია დაფიქსირებული შემთხვევები, როდესაც კორონავირუსი ადამიანს სხვა ადამიანისგან გადაედო. ეს არის გერმანია, აშშ, იაპონია და ვიეტნამი.

პრესკონფერენციაზე რეკომენდაციებზე და შესაძლო შეზღუდვებზე ისაუბრა ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ. მისი განმარტებით, მსოფლიო ჯანდაცვა გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვებს არ იძლევა. იმნაძე მსგავსი შეზღუდვის საჭიროებას ვერც საქართველოში ხედავს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მოქალაქეებმა თავი შეიკავონ სხვა ქვეყანაში გამგზავრებისგან და კონკრეტულად ჩინეთში.

“ქართველები ემოციური ხალხი ვართ და ვნერვიულობთ იმაზე, რაც არ არის სანერვიულო. გარწმუნებთ, თავზე ნაცრის დასაყრელი არაფერი არ გვჭირს. საქართველოში ვირუსი არ დაფიქსირებულა, თუმცა შესაძლო შემთხვევისთვის ქვეყანა მზად არის”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჩინეთის პროვინცია უხანში გასული წლის ბოლოს გავრცელდა. ამ დროისათვის ვირუსს 200-ზე მეტი მსხვერპლი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები