პანდემიის გამო, საარჩევნო კაბინები ფარდის გარეშე იქნება. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფარულობა მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი.
„პანდემიიდან გამომდინარე, აღარ იქნება ის ფარდა, რაც მანამდე იყო კაბინაში უკან ჩამოფარებული. რა რეკომენდაციებიც მიეცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან, ფარდის უკანა ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, თუმცა, ისე იქნება საარჩევნო კაბინა განთავსებული რომ ამომრჩეველი მაქსიმალურად იქნება დაცული. ამომრჩეველი როდესაც შევა კაბინაში, დაფარული ექნება ზურგის ნაწილი, შეუძლებელი იქნება ვინმემ გაიგოს თუ ვის მისცა მან ხმა”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, მოსყიდვა, ამომრჩეველზე მუქარა, ამომრჩევლის განწყობაზე, არჩევანზე ზეწოლა დანაშაულია, რაც ისჯება.
“მოსყიდვა, ამომრჩეველზე მუქარა, ამომრჩევლის განწყობაზე, არჩევანზე ზეწოლა დასჯადია. საკმაოდ სერიოზული დანაშაულია. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საზოგადოებას არავინ არ დაექვემდებაროს მსგავს დაშინებას თუ მუქარას. ამომრჩევლის მოსყიდვა დასჯადია და არაერთხელ ყოფილა მსგავსი ფაქტი აღკვეთილი წინა არჩევნების პერიოდში.
ამომრჩეველი ნამდვილად რჩება საარჩევნო კაბინაში მხოლოდ საკუთარ თავთან და ბიულეტენთან. მას შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ თავად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვის მისცემს ხმას. ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი არჩევნების უმთავრესი პრინციპია. დაუშვებელია ამის გამჟღავნება, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან ყოვლად წარმოუდგენელია მსგავსი ინფორმაცია იყოს გასული”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.