LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის შედეგად გამოწვეულმა ეკონომიკურმა შოკმა საქართველოში 350 ათასი ადამიანი გააღარიბა

60
20180914140442

პანდემიის დაწყების შემდეგ, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 44.12%-ით გაიზარდა,- ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ გავრცელებულ კვლევაშია საუბარი. ამავე კვლევის მიხედვით, კოვიდ-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„სიღარიბის მაჩვენებლის გაზრდა, ტურიზმისა და საერთაშორისო გზავნილების შემცირება, ეროვნულ ვალუტაზე სხვადასხვა ფაქტორების ზეწოლა საყურადღებო ტენდენციებია, რომლებიც შემდგომ აისახება საქართველოს მოსახლეობის შემოსავლებზე[1]. მსოფლიო ბანკის სიღარიბის უახლესი პროგნოზის თანახმად, პანდემიის შედეგად გამოწვეულმა ეკონომიკურმა შოკმა საქართველოში გააღარიბა 350,000 და აიძულა 800,000-ზე მეტი ადამიანი განიცადოს დაღმავალი მობილობა და შესაბამისად გადაინაცვლოს უფრო დაბალშემოსავლიან ჯგუფში[2].

სიღარიბესთან საბრძოლველად საქართველოში გაიცემა მიზნობრივი სოციალური დახმარება, იგივე საარსებო შემწეობა, რომელიც არის ფულადი სახის გასაცემელი, მისი მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია. აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ საარჩევნო პერიოდში სოციალური პროგრამების აქტიური ადვოკატირება და შესაბამისად სოციალურ დახმარებებზე გაზრდილი ხარჯები ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის მნიშვნელოვან საშუალებად არის მიჩნეული.

ძირითადი მიგნებები:

– 2019 წლიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით, სახელმწიფომ სოციალურად დაუცველთა საარსებო შემწეობაზე ჯამში 925.3 მილიონი ლარი დახარჯა, საიდანაც პანდემიის დროს გაიცა 605.7 მილიონი ლარი;

– კოვიდ-19 პანდემიის დაწყების შემდეგ, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 44.12%-ით გაიზარდა და 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით ბენეფიციართა რიცხვია 622,923 ;

– კოვიდ-19 პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე მეტად 59%-ით სოციალურად დაუცველთა რიცხვი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გაიზარდა და რეგიონის მოსახლეობის 20.3% შეადგინა;

– რაჭა ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, მოსახლეობის 45%-ზე მეტი ცხოვრობს საარსებო შემწეობაზე, რაც თითქმის 2.5-ჯერ აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს;

– 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდისთვის, პირველ ტურთან შედარებით მიზნობრივი სოციალური შემწეობის მიმღებ ბენეფიციართა რიცხვმა დაახლოებით 16,000 პირით მოიმატა;

– 2019 წლის შუალედური არჩევნების წინ სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა, წლის დასაწყისთან შედარებით, 25 ათასი ადამიანით გაიზარდა, ხოლო არჩევნების შემდეგ ბენეფიციართა რაოდენობამ საგრძნობლად დაიკლო;

– 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, წინა წელთან შედარებით სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 100 ათასი ადამიანით.

– 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, მხოლოდ ივნისის თვეში, სოციალური დახმარების მიმღები პირების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 70 ათასი პირით, ხოლო წინა არჩევნებთან შედარებით – 112 ათასი ადამიანით“, – ნათქვამია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ გავრცელებულ კვლევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები