LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის გამო, 7 იანვარს “ალილო” განსხვავებულად აღინიშნება

145
1

კოვიდპანდემიის გამო, საზეიმო “ალილო” წელსაც განსხვავებულად, რეგულაციების დაცვით ჩატარდება.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მანქანებით მსვლელობა 7 იანვარს, 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, 16:00 საათზე კი ქრისტესშობის სამადლობელო პარაკლისით დასრულდება:

“წლებია 7 იანვარს, ქრისტესშობას, თბილისსა და მთელს საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა – “ალილო” ეწყობა. “ალილოს” სადღესასწაულო ელფერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით 2000 წლიდან მიეცა.

მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში დიდებული დღესასწაულია. ეს დღესასწაული წელსაც საზეიმოდ ჩატარდება, თუმცა პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით. სამღვდელოება მოსახლეობას მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.

მსვლელობა მანქანებით დაიწყება 7 იანვარს, 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, რომელიც დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში, 16:00 საათზე, ქრისტესშობის სამადლობელო პარაკლისით.

ვიმედოვნებთ, ახალ 2022 წელს, შობის დღესასწაულს კვლავ ერთად აღვნიშნავთ და ამ საყოველთაო სიხარულს მივუტანთ იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, შობის სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ, ტრადიციულად, შემოწირული საჩუქრები კვლავ შეგროვდება.

“შემოწირული საჩუქრები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი კვლავ შეგროვდება და მოთხოვნის შესაბამისად განაწილდება. მსურველებს შემოწირულებისა და სხვადასხვა საჩუქრის მოტანა შეეძლებათ 7 იანვარს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მათ დახვდებათ იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ჩაიბარებენ და დასარიგებლად დაახარისხებენ საჩუქრებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები