ქვეყნის ჩაკეტვამ ადგილობრივი ტურისტების აქტივობა გამოიწვია, რაც ნიშნავს, რომ ქართველებმა დაიწყეს საქართველოს კურორტების შეყვარება, გაცნობა და დათვალიერება, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას „შუხმან ჯგუფის“ დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიის პერიოდში კახეთმა ყველაზე კარგად შეინარჩუნა ვიზიტორები.
„ნელ–ნელა გამოჩნდნენ უცხოელი სტუმრებიც, ძირითადად იმ ქვეყნებიდან, სადაც იმუნიზაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ისრაელიდან, დასავლეთ ევროპიდან, ნაკლებად არიან აზიიდან და ამერიკიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი დამსვენებლების პარალელურად, უცხოელი ტურისტებიც ბრუნდებიან. აღსანიშნავია, რომ უცხოელ ვიზიტორებში, ძირითადად, ბიზნეს მოგზაურები არიან,“ – აღნიშნა ნუცა აბრამიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“.