რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის ინფორმაციით, პანდემიის დროს, არ შეჩერებულა არცერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი და მნიშვნელოვანია, რომ გადაჭარბებით სრულდება 2020 წლის ბიუჯეტი.
„11 თვის მონაცემებით, უკვე ათვისებულია ბიუჯეტის 101.4%, რაც 166 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს , – ამბობს მაია ცქიტიშვილი. მისივე თქმით, წელს მიმდინარეობდა 6000-მდე პროექტი, რომელზეც მუშაობდა 1300-ზე მეტი კონტრაქტორი კომპანია და 31 000 ადამიანი.
„2021 წლის ბიუჯეტი სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი იქნება და 551 მილიონ 300 ათასი ლარით ანუ 30%-ით გადააჭარბებს 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს. თანხის ყველაზე დიდი ნაწილი ტრადიციულად საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. 37%-ით გაიზრდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის დაფინანსება, გაგრძელდება რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების სამუშაოები. წყალმომარაგების სისტემების განვითარების მიზნით, 69%-ით გაიზრდება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი და 347 მილიონ ლარს გადააჭარბებს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, კახეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში 30 მილიონი ლარით დაფინანსდება სხვადასხვა პროექტი.