„კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, ორსულებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 7 338-ს შეადგენდა, რაც 8.6% არის“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების საერთო რაოდენობიდან ლეტალური გამოსავალი აღირიცხა 17 შემთხვევაში, მათ შორის არც ერთი არ იყო ვაქცინირებული. 2020 წელს მხოლოდ 1 ინფიცირებული ორსული იყო გარდაცვლილი, 2021 წელს კი -16.
„ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 35-39 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. ორსულის საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით დადასტურებულ შემთხვევების წილი მაღალია ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ამასთან, 2020 წელს 3 304 ინფიცირებული ორსული იყო აღრიცხული, 2021 წელს – 4 034.
სრულად ვაქცინირებულ ორსულებში კორონავირუსით ინფიცირება ძალიან დაბალია. ამასთან, ასაკის მატებასთან ერთად ორსულებში იზრდება ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი, როგორც მინიმუმ 1 დოზით აცრილების, ისე სრულად ვაქცინირებულების“, – წერია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.